„ვაზაგაშვილი მოიშორეს იმ ადამიანებმა, ვინც მართლმსაჯულების მხრიდან საფრთხეს ელოდებოდა“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიგლა აგულაშვილი საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა.
დეპუტატის განცხადებით, იყო მოწმეთა ბაზა, ვინც მზად იყო, რომ ვაზაგაშვილის საქმეზე ჩვენებები მიეცა. მისი თქმით, გამორიცხული არ არის, რომ იმ ადამიანებს, ვინც დაგეგმა და განახორციელა ეს დანაშაული, მიზნად ჰქონდათ, რომ ეს ჯაჭვი გაწყვეტილიყო და მხილების ტალღას მათთან არ მიეღწია.
„ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გამოძიება ძალიან ახლოს იყო იმასთან, რომ წარედგინა კონკრეტული პირებისათვის ბრალი. გამოძიება ლოგიკური დასასრულისკენ მიდიოდა. ამიტომაც, შეიძლება თამამად ითქვას, რომ იური ვაზაგაშვილის აქტიურობა და ბრძოლა, რომ მართლმსაჯულება განხორციელებულიყო დამნაშავეთა მიმართ, დანაშაულის მონაწილე პირებს არ აწყობდათ. მგონია, რომ ის მოიშორეს იმ ადამიანებმა, ვინც მართლმსაჯულების მხრიდან  საფრთხეს ელოდებოდა. იური ვაზაგაშვილი არ აპირებდა, რომ ვინმეს უმოქმედობას შეგუებოდა. თუმცა გამოძიება მხოლოდ ამ მიმართულებით არ უნდა წავიდეს და ყველა შესაძლო ვერსია უნდა შეფასდეს. გამოძიებამ უნდა დადოს იმ ტიპის პასუხები, რომელიც იქნება დამაჯერებელი და გამყარებული ისეთი მტკიცებულებებით, რომელში ეჭვსაც ვერავინ შევიტანთ. მე მაქვს ინფორმაცია, რომ იყო მოწმეთა ბაზა, ადამიანები, ვინც მზად იყვნენ, რომ ვაზაგაშვილის საქმეზე ჩვენებები მიეცათ და მართლმსაჯულების სამსახურში ჩამდგარიყვნენ. არ გამოვრიცხავ, რომ იმ ადამიანებს, ვინც დაგეგმეს და განახორციელეს ეს დანაშაული, მიზნად ჰქონდათ, რომ ეს ჯაჭვი გაწყვეტილიყო, რომ მხილების ტალღა მათთან არ მისულიყო“,- განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ კასპის რაიონის სოფელ ყარაფალაში იური ვაზაგაშვილი მისი შვილის საფლავზე ნაღმზე აფეთქების შედეგად გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები