„ვაზაგაშვილი ბოლოს ბიძინა ივანიშვილს შეხვდა და ძალიან კმაყოფილი იყო“

„იური ვაზაგაშვილი მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. ის შეხვედრით ძალიან კმაყოფილი იყო“,- აღნიშნული განცხადება საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაცია, “ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარემ ნანა კაკაბაძემ გააკეთა.
კაკაბაძის თქმით, ივანიშვილს ის მისი შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით ესაუბრა.
„იური ვაზაგაშვილი მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. ის შეხვედრით ძალიან კმაყოფილი და იმედიანი იყო. საუბრის დეტალები არ ვიცი, თუმცა ვიცი, რომ გულღიად ისაუბრეს მისი შვილის და იმ ბიჭების მკვლელობების შესახებ, რომლებიც პოლიციამ ქუჩაში ჩაცხრილა. მისი ორგანიზაცია „გადაარჩინე სიცოცხლე“ სწორედ ამ კუთხით მუშაობდა, ამ ორგანიზაციის მიზანი იყო, რომ თითოეული ამ ბიჭის მკვლელობა გამოძიებულიყო“,- აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.
ნანა კაკაბაძემ იური ვაზაგაშვილის გარდაცვალება სასტიკ ტერაქტად შეაფასა და ხელისუფლებას მოუწოდა, საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს იმაზე, თუ რა ეტაპზეა გამოძიება. მისი განცხადებით, ვაზაგაშვილის სიკვდილი შეიძლება მისი შვილის საქმესთან პირდაპირ კავშირში იყოს.
„იური ვაზაგაშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ მას ჰქონდა მოპოვებული დოკუმენტები და მტკიცებულებები მისი შვილის საქმესთან დაკავშირებით და ამ მტკიცებულებების გადაცემას ის პროკურატურისთვის აპირებდა. არ ვიცი, მოასწრო თუ არა მან ამ მასალების გადაცემა, მაგრამ ის ამბობდა, რომ მან მისი შვილის მკვლელების სახელები და გვარებიც იცოდა და ხელისუფლება, მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შემდგომ, იძულებული გახდებოდა, ისინი დაეპატიმრებინა. გამოძიებას უნდა დაველოდოთ, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ ეს ტერაქტი სწორედ ამ განცხადებას უკავშირდება. ხელისუფლებას მოვუწოდებ, საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს იმაზე, თუ რა ეტაპზეა ამჟამად გამოძიება“,- განაცხადა ნანა კაკაბაძემ.
უფლებადამცველის განცხადებით, იური ვაზაგაშვილის მკვლელობისთანავე რიგ მედიასაშუალებაში აქტიურად მუსირებდა ვაზაგაშვილის შესაძლო თვითმკვლელობის თემა. მისი თქმით, გამოძიება უნდა დაინტერესდეს და გაარკვიოს, თვითმკვლელობის შესახებ საუბარი შემთხვევითი იყო თუ ინფორმაცია ამ სახით მიზანმიმართულად ვრცელდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები