მოწმე, რომელსაც შესაძლოა გამოძიება თავდაყირა დაეყენებინა – 1 არხი ვაზაგაშვილის მკვლელობის ახალ ვერსიაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოკლული ზურა ვაგაზაშვილის საქმეში ახალი მოწმე გამოჩნდა, რომელიც გამოძიებას საქმის მნიშვნელოვან და აქამდე გაუხმაურებელ  ინფორმაციას მიაწოდებდა. მოწმე, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება, იური ვაგაზაშვილს თავად დაუკავშირდა და პატიება სთხოვა. ამის შესახებ ინფორმაცია იური ვაზაგაშვილმა ტრაგედიამდე ორი დღით ადრე მეორე არხის ჟურნალისტებს მიაწოდა.
„პირველად დამიკავშირდა. ბოდიშის მოხდით, მუხლიჩოქა ვარ, ხელში სანთელი მიჭირავს და პატიება მინდა გთხოვოთო“, – აღნიშნა იური ვაზაგაშვილმა მეორე არხის გადაცემის „გამომძიებელი რეპორტიორის“ ხელმძღვანელთან ლია ტოკლიკიშვილთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
ამავე ინტერვიუში იური ვაგაზაშვილი ამბობს, რომ მას მოწმემ ისეთი ინფორმაციები მიაწოდა, რომელიც „კორტების საქმეს“ მთლიანად შეცვლიდა.
მოწმის ინფორმაციით, მას წლების წინ გამოძიებამ ჩვენება იძულების წესით ჩამოართვა და ჩვენების შეცვლას გეგმავდა. როგორც ტოკლიკიშვილი ამბობს, იგი იური ვაზაგაშვილს კასპის რაიონიდან დაბრუნების შემდეგ უნდა შეხვედროდა და 20.00 საათზე საზღვარგარეთ მყოფ მოწმესთან ინტერვიუ ერთად უნდა ჩაეწერათ. მოწმის კოორდინატები მხოლოდ იური ვაგაზაშვილს ჰქონდა. ტოკლიკიშვილის ინფორმაციით, იგი იური ვაგაზაშვილს გარდაცვალებამდე ორი საათით ადრე ესაუბრა და შეხვედრის დეტალები კიდევ ერთხელ დააზუსტა. მისი თქმით, იური ვაზაგაშვილმა ჟურნალისტები გააფრთხილა, რომ შესაძლოა მათზე ზეწოლა განხორციელებულიყო.
გადაცემა „გამომძიებელი რეპორტიორის“ მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც ზურა ვაგაზაშვილის საქმეს ეხება, სატელევიზიო ეთერით ორშაბათს უნდა გავიდეს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ იური ვაზაგაშვილმა დამოუკიდებელ ექსპერტთან მაია ნოკოლეიშვილთან ერთად საგანგებო ბრიფინგი გამართა და ექსპერტიზის დასვნის შედეგები გაახმაურა. ამ დასკვნის თანახმად, ზურა ვაზაგაშვილი თავში მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე, იური ვაზაგაშვილი აცხადებდა, რომ მისი შვილი საკონტროლო გასროლით მოკლეს. ადვოკატების ინფორმაციით, საქმის ხელახალი გამოძიებით საქმეში ახალი გარემოებები გამოიკვეთა.
იური ვაგაზაშვილი დღეს კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის სასაფლაოსთან მომხდარი აფეთქებისას გარდაიცვალა. ვაზაგაშვილი ახლობლის დაკრძალვაზე იმყოფებოდა, რა დროსაც საკუთარი ვაჟიშვილის საფლავზე გადაწყვიტა ყვავილების მიტანა. აფეთქება სწორედ იმ დროს მოხდა. ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები