„იური ვაზაგაშვილს შორსმიმავალი სამომავლო გეგმები ჰქონდა, ის ტელევიზიის გახსნასაც აპირებდა“

“აქცენტ – ჰოლდინგის” დამფუძნებლის უჩა კანდელაკის განცხადებით, იური ვაზაგაშვილის თვითმკვლელობის ვერსია უნდა გამოირიცხოს, რადგან მას შორსმიმავალი სამომავლო გეგმები ჰქონდა.
კანდელაკის თქმით, იური ვაზაგაშვილი საერთო – სახალხო მოძრობის დაწყებას, ასევე ტელევიზიის გახსნასაც აპირებდა.
“მე ვმეგობრობდი იური ვაზაგაშვილთან, ხშირი შეხვედრები მქონდა, მათ შორის, რამდენიმე საერთო თემაზე. ბოლო შეხვედრაზე მან მედიამხარდაჭერა მთხოვა და საერთო – სახალხო მოძრაობის დაწყებას გეგმავდა. ის ასევე აპირებდა ტელევიზიის გახსნას, რაშიც ასევე გვთავაზობდა თანამშრომლობას” – განაცხადა უჩა კანდელაკმა.
მისივე თქმით, ის არ იყო კმაყოფილი გამოძიების შედეგებით და მიიჩნევდა, რომ გამოძიება სპეციალურად იყო ჩიხში შეყვანილი.
“იური აღშფოთებული იყო იმ ფაქტით, რომ მისი შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, მისი ინფორმაციით, დანიშნული იყო პოლიციის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსად. მას ამ საკითხთან დაკავშირებით ერთ-ერთ მინისტრთან შეხვედრაც ჰქონდა, თუმცა უშედეგოდ”,- აღნიშნა კანდელაკმა.
ზურაბ ვაზაგაშვილის მამა იური ვაზაგაშვილი კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის სასაფლაოსთან მომხდარი აფეთქებისას გარდაიცვალა. ვაზაგაშვილი ახლობლის დაკრძალვაზე იმყოფებოდა, რა დროსაც საკუთარი ვაჟიშვილის საფლავზე გადაწყვიტა ყვავილების მიტანა. აფეთქება სწორედ იმ დროს მოხდა. ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები