ირაკლი შოთაძე: გამოძიება სრულყოფილად ჩატარდება და გაირკვევა, აქ რა მოხდა

მე პირადად სიტყვა მივეცი ბატონ იურის, რომ მისი შვილის საქმეზე დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებოდნენ – ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ ირაკლი შოთაძემ სოფელ ყარაფილაში განაცხადა.
მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე აცხადებს, რომ მას იური ვაზაგაშვილთან კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა, რადგან გარდაცვლილი, ადვოკატებთან ერთად, შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებაში აქტიურად იყო ჩართული.
„მე, პირადად, სიტყვა მივეცი ბატონ იურის, რომ მისი შვილის საქმეზე დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებოდნენ და მინდა საზოგადოებას ვამცნო, რომ აღნიშნული საქმე ბოლოშია მიყვანილი. ყველა პიროვნება, ვისაც ბრალი მიუძღვის კონკრეტულად მისი შვილის გარდაცვალებაში, კანონის სრული სიმკაცრით აუცილებლად აგებს პასუხს“, – განაცხადა შოთაძემ.
შოთაძე აცხადებს, რომ გამოძიება სრულყოფილად ჩატარდება და გაირკვევა, თუ რა მოხდა დღეს.
„ამ ეტაპზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერსიებზე ვერ ვილაპარაკებ. ეს გამოძიების მიმდინარეობას დააზიანებს. ერთადერთი, შემიძლია გითხრათ, რომ გამოძიება სრულყოფილად ჩატარდება და გაირკვევა, დღეს აქ რა მოხდა. ხომ არ მიუძღვის ვინმეს ბრალი ამ ფაქტში, რასაც იური ვაზაგაშვილის გარდაცვალება მოჰყვა. ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილის დათვალიერებაც კი არაა დაწყებული. მიმდინარეობს განაღმვითი სამუშაოები“, – განაცხადა შოთაძემ.
შოთაძე ასევე აღნიშნავს, რომ ეს არა მხოლოდ ერთი ოჯახის, არამედ მთელი ქვეყნის ტრაგედიაა.
„მე, პირადად, სიტყვა მივეცი ბატონ იურის, რომ მისი შვილის საქმეზე დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებოდნენ და მინდა საზოგადოებას ვამცნო, რომ აღნიშნული საქმე ბოლოშია მიყვანილი და ყველა პიროვნება, ვისაც ბრალი მიუძღვის კონკრეტულად მისი შვილის გარდაცვალებაში, კანონის სრული სიმკაცრით აუცილებლად აგებს პასუხს“, – განაცხადა შოთაძემ.
რაც შეეხება პროკურატურის მუშაობის მიმართ იური ვაზაგაშვილის პრეტენზიებს, შოთაძის თქმით, ვაზაგაშვილს, მისი შვილის საქმის გამოძიების გამო პროკურატურის მიმართ უკმაყოფილება არ ჰქონია.
ზურაბ ვაზაგაშვილის მამა იური ვაზაგაშვილი კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის სასაფლაოსთან მომხდარი აფეთქებისას გარდაიცვალა. ვაზაგაშვილი ახლობლის დაკრძალვაზე იმყოფებოდა, რა დროსაც საკუთარი ვაჟიშვილის საფლავზე გადაწყვიტა ყვავილების მიტანა. აფეთქება სწორედ იმ დროს მოხდა. ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები