ნიკოლოზ მჟავანაძე: მსგავსი ტიპის აფეთქებების განმეორება გამორიცხული არაა, ქალაქში მკვლელები დადიან

ეს იყო კარგად ორგანიზებული მკვლელობა, რომელშიც არაერთი პირი იყო ჩართული, – ასე ეხმაურება უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტს. მისივე განცხადებით, თუ იური ვაზაგაშვილის და მისი შვილის მკვლელები სათანადოდ არ დაისჯებიან, ხვალ სამართლიანობის აღდგენისთვის მებრძოლ დანარჩენ პირებსაც გაუსწორდებიან.
„ეს იყო კარგად ორგანიზებული მკვლელობა, რომელშიც არაერთი პირი იყო ჩართული, ვინაიდან საფლავის დანაღმვას, ხოლო შემდგომში ამ ნაღმის სისრულეში მოყვანას აპარატურის მეშვეობით ერთი და ორი ადამიანი ნამდვილად ვერ გააკეთებდა. ხელისუფლებას მოუწევს ამ ორგანიზებულ დამნაშავეთა ჯგუფის გამოკვეთა, რათა იური ვაზაგაშვილის მკვლელებმა სათანადო პასუხი აგონ. გაუგებარია, „ნაც მედიის“ წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული საეჭვო გზავნილები, თითქოს იური ვაზაგაშვილს თავის აფეთქება შეეძლო. საიდან ასკვნის ეს ხალხი ასეთ სისულელეს, ჩვენთვის გაუგებარია. კაცი, რომელიც სერიოზული ბრძოლის გაჩაღებას აპირებდა თავისი შვილის მკვლელების დასაჯელად, ასეთ რამეზე არასდროს წავიდოდა.
თუ იური ვაზაგაშვილისა და მისი შვილის მკვლელები სათანადოდ არ დაისჯებიან, ხვალ უკვე სამართლიანობის აღდგენისთვის მებრძოლ დანარჩენ პირებსაც ასევე გაუსწორდებიან. თუ ხელისუფლებამ არა მხოლოდ იური ვაზაგაშვილის, არამედ ყველა იმ დამნაშავის დაპატიმრება და დასჯა არ მოახერხა, მაშინ სიტუაციის სერიოზულად დაძაბვის მომსწრენი გავხდებით. ეს არის თავხედური გამოწვევა სააკაშვილის დამნაშავე რეჟიმის ნარჩენებისგან, რომლებიც არაფერზე უკან არ იხევენ და რომლებიც იქამდეც გათავხედდნენ, რომ დღისით, მზისით უდანაშაულო ადამიანების მიმართ ტერაქტების განხორციელება დაიწყეს. მსგავსი ტიპის აფეთქებების განმეორება გამორიცხული არაა, რადგან ქალაქში კვლავაც მკვლელები დადიან“, – განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები