ლექსო თამაზაშვილი აღშფოთებულია – „თუ ამას დაამტკიცებთ, არა მარტო დეპუტატის მანდატს, არამედ ქვეყანასაც დავტოვებ“

საპარლამენტო უმრაველოსობის წევრი ალექსანდრე თამაზაშვილი გაზეთ “ქრონიკა +”-ში დაბეჭდილი სტატიის გამო აღშფოთებულია. როგორც თამაზაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, თუ გამოცემა სტატიაში მოყვანილ ინფორმაციას წყაროებით დაამტკიცებს, იგი მზად არის, არა მარტო დეპუტატის მანდატი, არამედ ქვეყნაც დატოვოს.

თამაზაშვილის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში სტატიის ავტორებს მატყუარა და ცრუ ჟურნალისტებად მოიხსენიებს.

„წავიკითხე ეს სტატია, რა ხდება?! ფანტაზიები მოაკლდა ქართულ პრესას?!! ან გადაამოწმონ ან შეკითხვა დასვან, იქნებ ვუდასტურებ ამ ყველაფერს?! ასე, არ შეიძლება!! წერთ, რომ “წყარომ” მოგვაწოდა ინფორმაციაო და არც ამოწმებთ ისე ავრცელებთ ამ ამბავ-სისულელეს. მასეთი “წყარო” უთვალავია და ასეთი ამბავის მომგონიც, დამწერიც და გამავრცელებელიც ერთ დღეს შეიძლება, თვითონ გახდნენ, რაიმე მოგონილი სიუჟეტის სუბიექტები .. ვფიქრობ, ახლა რა უნდა ვქნა, გამოვიდე, ვიყვირო, ტყუილია, ხალხო, არ დაიჯეროთ?! ჩივილს აზრი არ აქვს… არ არსებობს კანონი, ცილისწამების შესახებ… მაგრამ ჟურნალისტის ეთიკა ხომ არსებობს?!! თუ ესეც პირობითია, ვის, როგორ და სად გაახსენდება, რომ ჟურნალისტია და სამართლიანი უნდა იყოს?!

მოდით ასე მოვიქცეთ, გაარკვიეთ ყველა “წყარო”, გამოიყენეთ და არათუ შეხვედრის და საუბრის რეალობა, არამედ ის მაინც დაამტკიცეთ, რომ ოდესმე ხელი მაინც მაქვს ჩამორთმეული იმ პიროვნებასთან, ან რაიმე სახის ნაცნობობა მაკავშირებს. თქვენ თუ ამას დაამტკიცებთ, პირობას გაძლევთ, საქყვეყნოდ ვაცხადებ, რომ არა მარტო დეპუტატის მანდატს, არამედ ქვეყანასაც დავტოვებ! ამას თუ ვერ შეძლებთ, ვიტოვებ უფლებას, რომ მატყუარა და ცრუ ჟურნალისტებად მოგიხსენიოთ!“ – წერს თამაზაშვილი.

გაზეთი “ქრონიკა +” ირაკლი ღარიბაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ურთიერთობის დაძაბვის შესახებ წერს. გამოცემა მიზეზად თამაზაშვილების ფაქტორს ასახელებს. მათივე ინფორმაციით, საქმე ეხება “აჭარაბეთის” საქმეს და ბიზნესმენ თემურ უგულავას, რომელთანაც, გამოცემის ინფორმაციით, არაოფიციალურ მოლაპარაკებებს იმ პერიოდში “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, ზვიად ჯანყარაშვილი და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, პარლამენტარი ლექსო თამაზაშვილი აწარმოებდნენ.

სტატიის ავტორის ცნობით, თემურ უგულავამ შეხვედრისას საუბრის აუდიოჩანაწერი გააკეთა, რაც მოგვიანებით მის უახლოეს მეგობარ ნიკუშა შენგელაიას ბიძინა ივანიშვილთან გაატანა. გამოცემა იუწყება, რომ აღნიშნული ჩანაწერის მოსმენის შემდეგ ივანიშვილს ძალიან დაეძაბა ურთიერთობა ღარიბაშვილთან და მას ლექსო თამაზაშვილის დაუყოვნებლივ დაჭერა მოსთხოვა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები