„სოფელი თვლის, რომ ეს არის ტერაქტი“
იური ვაზაგაშვილის ახლობლებს მიაჩნიათ, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობა დაგეგმილი იყო. მათი თქმით, ვაზაგაშვილი, სავარაუდოდ, ხელყუმბარით ააფეთქეს.
მათი განცხადებით, როცა იური ვაზაგაშვილი სოფელში გარდაცვლილის გასვენებას ესწრებოდა, შვილის საფლავზე ყოველთვის მიდიოდა.
„სოფელში ავედით გასვენებაში, იური კი პირდაპირ სასაფლაოზე წავიდა. სასაფლაოს ტერიტორიაზე დაგვხვდა იურის მანქანა. მისი შვილის სასაფლაოზე რომ შევიხედეთ, აფეთქებული იყო. სოფელი თვლის, რომ ეს არის ტერაქტი. ალბათ, იცოდნენ, რომ როცა სოფელში გასვენება იყო, ის ყოველთვის ამოდიოდა შვილის საფლავზე“, – განაცხადა მანანა თოდაშვილმა.
მისი თქმით, ის ხელს ვერავის დაადებს, თუმცა, აღნიშნული ქმედება, სავარაუდოდ, იმ ადამიანების ჩადენილია, ვისაც ამდენი წელი ებრძოდა და მათთან სამართალს ეძებდა.
ზურაბ ვაზაგაშვილის მამა იური ვაზაგაშვილი კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის სასაფლაოსთან მომხდარი აფეთქებისას გარდაიცვალა. ვაზაგაშვილი ახლობლის დაკრძალვაზე იმყოფებოდა, რა დროსაც საკუთარი ვაჟიშვილის საფლავზე გადაწყვიტა ყვავილების მიტანა. აფეთქების შესახებ ორი ვერსია ვრცელდება. ადგილობრივების ინფორმაციით, იური ვაზაგაშვილმა თავი აიფეთქა. ერთ-ერთი ვერსიით კი, ტერიტორია დანაღმული იყო და აფეთქება ამის შედეგად მოხდა.