ირაკლი ღარიბაშვილი – დავოსში ძალიან საინტერესო შეხვედრები მექნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავოსში ვიზიტის ფარგლებში ნაყოფიერ შეხვედრებს ელოდება.
ვიზიტთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილმა კომენტარი დღეს მცხეთაში ჟურნალისტებთან გააკეთა.
“დღეს მივემგზავრები დავოსში. ძალიან საინტერესო შეხვედრები მექნება ევროპელ ლიდერებთან, ამერიკელ სენატორებთან, ასევე ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებთან. ვფიქრობ, ნაყოფიერ შეხვედრებს გავმართავთ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიის ქალაქ დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
ოფიციალური ინფორმაციით, რიგით 45-ე სესიას საქართველოდან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ბაჩიაშვილი, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია, ასევე “საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძეც დაესწრებიან.
გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის პროფესორ კლაუს შვაბის კერძო მიღებასა და სადილს დაესწრება.
პრემიერი სიტყვით გამოვა სესიაზე – Session Travel and Trade in a High-Risk Era, Luncheon: Europe Growth Markets.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს “მსოფლიო ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაშიც”, სადაც განისაზღვრება მომავალი წლის ეკონომიკური პრიორიტეტები.
ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი რამდენიმე ქვეყნის პირველ პირთან პირისპირ შეხვედრასაც გამართავს. დაგეგმილია შეხვედრები მსოფლიოში წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებთან.
პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის განმავლობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი წამყვანი უცხოური მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრშიც მოხვდება. უკვე დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუ Die Welt-თან, პირდაპირი ჩართვის განხორციელება ტელეკომპანია CNBC-ის ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები