ტაო–კლარჯეთის ძეგლების 2014 წლის საკვლევი ექსპედიციების ანგარიშების პრეზენტაცია გაიმართება

23 იანვარს, 19: 00 საათზე ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართება პრეზენტაცია, სადაც წარმოდგენილი იქნება ტაო–კლარჯეთის ძეგლების 2014 წლის საკვლევი ექსპედიციების ანგარიშები.
წინამდებარე ნაშრომი გამოიცა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ, 2013 წელს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის –„თურქეთში მდებარე ქართული ისტორიული მხარეების: ტაო–კლარჯეთისა და კოლა–არტანის ქართული მატერიალური კულტურის ძეგლების კატალოგის“ ფარგლებში. აღნიშნული პროექტი ხორციელდება კავკასიის უნივერსიტეტის მიერ, საქართველოს კულტურისა და ტურისტული რესურსების კვლევის ცენტრის მონაწილეობით. 2014 წელს განხორციელებულმა ცხრა ექსპედიციამ თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ისტორიული ქართული მხარეები – არტანი, ერუშეთი, კოლა, პალაკაციო, ფოსო, ჯავახეთი და სამცხის ნაწილი – შეისწავლა. ეს მხარეები ამჟამად არდაჰანისა და ყარსის პროვინციებში მდებარეობს. კვლევის შედეგად დაფიქსირდა წერილობითი წყაროებიდან ცნობილი 118 ისტორიული ძეგლის ამჟამინდელი მდგომარეობა. გარდა ამისა, შესწავლილ ტერიტორიაზე გამოვლინდა 144 უცნობი ისტორიული ძეგლი, რომლებიც არ არის მოხსენიებული ჩვენთვის ცნობილ წერილობით წყაროებში. ნაშრომი დაეხმარება ისტორიკოსებს, ხელოვნების ისტორიკოსებს, ისტორიული გეოგრაფიის და პალეოგრაფიით დაინტერესებულ მკვლევრებსა და, ზოგადად, ქართული კულტურით დაინტერესებულ პირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები