პრემიერმა არქიმანდრიტ ილია კარტოზიას ოჯახს მიუსამძიმრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში იმყოფებოდა, სადაც არქიმანდრიტ ილია კარტოზიას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. ირაკლი ღარიბაშვილმა დაღუპული მოძღვრის ოჯახს და მრევლს მიუსამძიმრა და მის გმირობაზე ისაუბრა.
„მივუსამძიმრე მამა ილიას ოჯახს, ყველა მის ახლობელს, მის მრევლს, ჩვენს ეკლესიას, ჩვენს მოსახლეობას. მამა ილიამ მართლად გვაჩვენა სამაგალითო გმირობა. ეს არის, მართლაც, დასაფასებელი. ჩვენი ვალია, სათანადო პატივი მივაგოთ მის ხსოვნას“, – განაცხადა პრემიერმა.
წირვის დასრულების შემდეგ, სვეტიცხოველში გაიმართება წესის აგების რიტუალი, შემდეგ კი მამა ილიას ცხედარს სვეტიცხოვლიდან მცხეთის დავით აღმაშენებლის სახელობის მონასტერში გადაასვენებენ და დაკრძალავენ.
ადრიატიკის ზღვაში, ბორან „ნორმან ატლანტიკზე“ ხანძარი 28 დეკემბერს გაჩნდა. გემზე 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის – საქართველოს რვა მოქალაქე. მამა ილიას გარდა, ყველა მათგანი ცოცხალი და უვნებელი გადარჩა. მამა ილია კარტოზია მცხეთის მამათა მონასტრის წინამძღვარი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები