„აშშ-ს მივიჩნევთ ჩვენს კარიბჭედ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში“

  ხელშეკრულებას, რომელსაც რამდენიმე თვეში ხელი უნდა მოვაწეროთ, ქვეყნის ევროპეიზაციის გენერალურ გეგმად განვიხილავთ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ატლანტიკურ საბჭოში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ასოცირების ხელშეკრულებამ, თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობების ახალ ეტაპს მისცა დასაბამი.
“ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებით საქართველომ მოიპოვა უფრო მაღალი საერთაშორისო ავტორიტეტი, როგორც ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების – აშშ-ისა და ევროკავშირის საიმედო პარტნიორმა. ასოცირების ხელშეკრულებამ, თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, დასაბამი მისცა ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობების ახალ ეტაპს. ხელშეკრულებას, რომელსაც ხელი უნდა მოვაწეროთ რამდენიმე თვეში, ჩვენ განვიხილავთ ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციის გენერალურ გეგმად“,- განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს სამხედროების საერთაშორისო მისიებში მონაწილეობაზეც ისაუბრა. როგორც პრემიერმა განაცხადა, სხვადასხვა საერთაშორისო მისიებში საქართველომ დაადასტურა, რომ მზად არის დაიცვას და უერთგულოს იმ პრინციპებსა და ღირებულებებს, რომელი ღირებულებებითაც შეიქმნა, შენარჩუნდა და განმტკიცდა ერების ევროატლანტიკური თანამეგობრობა.
“ევროკავშირთან ურთიერთობის მუდმივად გაღრმავება არ არის საქართველოს მზარდი საერთაშორისო რეპუტაციის ერთადერთი დასტური. სხვადასხვა საერთაშორისო მისიაში, მათ შორის ავღანეთში, უსაფრთხოების მიმწოდებლის და არა მომხმარებლის ფუნქციის შესრულებით, საქართველომ დაადასტურა, რომ მზად არის დაიცვას და უერთგულოს იმ პრინციპებსა და ღირებულებებს, რომელი ღირებულებებითაც შეიქმნა, შენარჩუნდა და განმტკიცდა ერების ევროატლანტიკური თანამეგობრობა. თავისთავად ცხადია, რომ ქართველი ხალხისთვის შეერთებული შტატები ამ თანამეგობრობისა და მთელი თავისუფალი მსოფლიოს ლიდერია. ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, აშშ მუდამ მხარს უჭერს საქართველოს სახელმწიფოებრიობას, უსაფრთხოებასა და დემოკრატიას. ჩვენ ძალიან მადლიერი ვართ ამისათვის. აშშ-ის მხრიდან, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიული მისწრაფებების, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, არაღიარების პოლიტიკის განხორციელებაში მტკიცე მხარდაჭერამ სასიცოცხლო მნიშვნელობის როლი ითამაშა საქართველოს ბოლოდროინდელ წარმატებებში.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, აშშ-ის მხრიდან საქართველოს ფინანსური მხარდაჭერა არ შესუსტებულა შიდა ფინანსური სირთულეების დროსაც კი, რასაც საგანგებოდ აღნიშნავს და ჯეროვნად აფასებს ქართველი ხალხი და საქართველოს მთავრობა. აშშ-ს ჩვენ მივიჩნევთ ჩვენს კარიბჭედ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. საქართველოს ნატოში ინტეგრაციის ტემპი ამჟამად ისეთი დინამიკურია, როგორც არასდროს. ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას ალიანსის წევრობისკენ ნატო-საქართველოს კომისიისა და წლიური ეროვნული პროგრამის დახმარებით. საქართველოს შეიარაღებული შენაერთები გადანაწილებულია ISAF-ის მისიაში. მიუხედავად დიდი დანაკარგებისა ავღანეთში, ჩვენი მხარდაჭერა არ შემცირებულა – ჩვენ ვრჩებით ამ მისიის ერთგული და ასე ვაგრძელებთ ჩვენი წვლილის შეტანას გლობალური უსაფრთხოების საქმეში. ჩვენ დავრჩებით ავღანეთში ISAF-ის მისიის ფარგლებში და მონაწილეობას მივიღებთ ასევე ISAF-ის მისიის შემდგომ პერიოდშიც. გარდა ამისა, ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ ინსტიტუციონალური მშენებლობის პროცესს ავღანეთში, მათ შორის, ჩვენი გამოცდილების გაზიარებითაც. ამავე დროს, ჩვენი შეიარაღებული დანაყოფები ამჟამად გადიან სპეციალურ მომზადებას და უკვე 2015 წელს ისინი ხელმისაწვდომი იქნებიან ნატოს რეაგირების ძალებისათვის. ნება მომეცით, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი და ვთქვა – ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ვართ უსაფრთხოების ამ საერთაშორისო მისიების ავანგარდში.
ნატოს სამიტზე ბუქარესტში, 6 წლის წინ, ალიანსმა გადაწყვიტა, რომ საქართველო გახდებოდა მისი წევრი. ჩიკაგოში ალიანსმა ხაზი გაუსვა საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების მნიშვნელობას. მიღწეული პროგრესი აძლიერებს ჩვენს პოზიციებს, რათა გადავდგათ შემდეგი ნაბიჯი საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციის მიმართულებით. საქართველოსათვის მომავალი სამიტი ბრიტანეთში საუკეთესო შესაძლებლობაა იმისა, რომ მან ადეკვატურად ასახოს ეს წინსვლა, კერძოდ კი მაშინ, როდესაც ამისათვის დრო მომწიფდება. მეტად მნიშვნელოვანია ვიაროთ წინ, რისი განხორციელების რეალისტური გზა საქართველოსთვის არის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მიღება. ჩვენ ხაზს ვუსვამთ MAP-ს, როგორც ინტეგრირების უნიფიცირებულ მექანიზმს, რომელიც არის საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების განხორციელების კონკრეტული გზა. ამ არსებითად ახალ დონეზე გადასვლით, ჩვენ მზად ვართ მოთმინებით გავაგრძელოთ ყოვლისმომცველი რეფორმების თანდათანობითი, ეტაპობრივი პროცესი“,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები