შინაგან საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ესპანეთის სამეფოში გაემგზავრა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე პირველი ოფიციალური ვიზიტით ესპანეთის სამეფოში იმყოფება. მინისტრს თან ახლავს მოადგილე არჩილ თალაკვაძე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი შალვა კვინიხიძე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ივანე პაპიაშვილი და საქართველოში ინტერპოლის ცენტრალური ეროვნული ბიუროს უფროსი ალექსანდრე არაყიშვილი.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ალექსანდრე ჭიკაიძე შეხვედრას გამართავს ესპანელ კოლეგასთან – ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრ ხორხე ფერნანდეს დიასთან. შეხვედრაზე მხარეები ხელს მოაწერენ შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და ესპანეთის სამეფოს მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.
აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს მხარეებს შორის თანამშრომლობას ისეთი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში, როგორიცაა: სიცოცხლის, სხეულისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, ტერორიზმი, ნარკოტიკული დანაშაული, იარაღის უკანონო ბრუნვა, ადამიანებით უკანონო ვაჭრობა და უკანონო მიგრაცია, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, კორუფცია, კიბერდანაშაული, ფულის გაყალბება, ფინანსური დანაშაულები და სხვა. ხსენებული შეთანხმება ითვალისწინებს მხარეებს შორის თანამშრომლობას როგორც ოპერატიული, ასევე არაოპერატიული კუთხით.
21 იანვარს საქართველოს შს მინისტრი ასევე დაესწრება მხატვარ Augusto Ferrer-Dalmau-ს ნამუშევრების გამოფენას, სადაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე მხატვარ Augusto Ferrer-Dalmau-ს და მწერალ Lucas Molina-ს გენერალ გიორგი კვინიტაძის დააჯილდოვებს მედლით. შინაგან საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი 22 იანვარს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები