შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე სამი პირი დააკავა (ვიდეო)

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზურაბ ფ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, ხოლო 1979 წელს დაბადებული მამუკა მ. და 1985 წელს დაბადებული შუქრი შ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა ზურაბ ფ-ს პირადი ჩხრეკისას პისტოლეტის 10 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს, ხოლო მამუკა მ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულია 2 „ეფ 1“-ის და 1 „ერ-გე-დე“-ს ტიპის ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 1 მჭიდი, რეზინის 7 ხელთათმანი და „ა-კა-ეს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 218 საბრძოლო ვაზნა. შუქრი შ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კი ამოიღეს გადაჭრილი სანადირო თოფი და ხიშტ-დანა.
გამოძიება ზურაბ ფ-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით), ხოლო მამუკა მ-ს და შუქრი შ-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები