„საქართველო ისწრაფვის, ევროატლანტიკური თანამეგობრობის ნაწილი გახდეს “

  საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა ცხადყო, რომ საქართველოს წინსვლა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით შუქცევადია. ამის შესახებ პრემიერმა ვაშინგტონში, ატლანტუკრ საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერმა კიდევ ერთხე გაუსვა ხაზი იმას, რომ ევროატლანტიკური თანამეგობრობისკენ საქართველოს სწრაფვას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.
“საქართველო ისწრაფვის, გახდეს ევროატლანტიკური თანამეგობრობის ნაწილი. ჩვენ მნიშვნელოვან წინსვლას მივაღწიეთ გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში. ეს პროგრესი ადასტურებს ჩვენს სურვილს, გავხდეთ ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურების წევრი. 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა ცხადყო, რომ საქართველოს წინსვლა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით შუქცევადია, ვინაიდან ჩვენ მშვიდობიანად და ორგანიზებულად შევცვალეთ ხელისუფლება და წარმატებულად წარვმართეთ წინა და ახალი ხელისუფლების კოჰაბიტაციის პროცესი. ჩვენი მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციის პროცესის შემდგომი გაგრძელებისათვის – იმ მეტად რთული, მაგრამ, იმავდროულად ღირსეული ამოცანის შესასრულებლად, რომელიც ქართველმა ხალხმა გვანდო. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ დემოკრატია დაუსრულებელი, ცოცხალი პროცესია, რომელიც მოითხოვს მუდმივ მონიტორინგსა და ცვლილებებს. ამიტომ, ჩვენ დიდად ვაფასებთ ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორების ბრძნულ რჩევებსა და დარიგებებს“, -განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოში ბოლო დროს სხვადასხვა მიმართულებებით განხორციელებულ რეფორმებზეც ისაუბრა.
“დემოკრატიული კონსოლიდაციის ძირითადი მიმართულებები ნათლად მიგვითითებს საქართველოში მომხდარი ბოლოდროინდელი ცვლილებების მასშტაბებზე: ცვლილებები შევიდა კონსტიტუციაში კონტროლისა და ბალანსის უფრო დემოკრატიული სისტემის შექმნის და აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის ადრე მინიჭებული გადამეტებული ძალაუფლების პარლამენტისათვის გადანაწილების მიზნით; ჩვენ აღმოვფხვერით ელიტარული კორუფციის, ფულის გათეთრებისა და ბიზნესზე მთავრობის წნეხის მავნე პრაქტიკა; არსებითი რეფორმები განხორციელდა მართლმსაჯულების სექტორში სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად – ამ ძალისხმევის შედეგად სასამართლო თანდათან იბრუნებს ქართული საზოგადოების დაკარგულ ნდობას. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა ეს არის ნებისმიერი დემოკრატიის ქვაკუთხედი; ამიტომ ყოველ ღონეს ვხმარობთ იმის უაზრუნველსაყოფად, რომ სასამართლო რეფორმა მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებს შორის იყოს ყველაზე თანამიმდევრული და მკაცრი.
საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ვითარების გასაუმჯობესებლად ადამიანის უფლებების კუთხით, უმცირესობათა უფლებების ჩათვლით. ხოლო, რაც შეეხება ქართულ მედიას, ის ისეთივე თავისუფალია პოლიტიკური ზეგავლენისგან, როგორც ნებისმიერ სხვა დემოკრატიულ სისტემაში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ გავაუმჯობესოთ ეკონომიკა ინკლუზიური ზრდის გზით, განსაკუთრებით კი, საქართველოში სამეწარმეო გარემოს გაჯანსაღებით. ჩვენ უკვე მივაღწიეთ მნიშვნელოვან შედეგებს ამ მიმართულებით – ამჟამად საქართველო ცნობილია როგორც ქვეყანა, სადაც ბიზნესის კეთება ძალიან ადვილია, სადაც კომპანიები თავისუფლად მოქმედებენ კონკურენტულ გარემოში და აქვთ საკუთრების უფლების მყარი გარანტიები.
მთავრობა ამთავრებს 2020 წლის სოციალური და ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაზე მუშაობას გრძელვადიანი, მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად. ეს განსაკუთრებით აღსანიშნავია იმ ფონზე, როდესაც მსოფლიო ბანკი აკეთებს პროგნოზს, რომლის თანახმადაც 2014 წელს მოსალოდნელია საქართველოს ეკონომიკის დაახლოებით 6%-იანი ზრდა. საქართველოს ეკონომიკის დინამიკური განვითარება შესაძლებლობას მოგვცემს გავხდეთ რეგიონალური ცენტრი სამეწარმეო და საინვესტიციო საქმიანობისათვის და გავცდეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის ენერგორესურსების სატრანზიტო დერეფნის ახლანდელ როლს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ რეგიონალური გარემოს კონტექსტში, საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ წარმატებას – ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი სახელმწიფოებრიობის განმტკიცება ისე, რომ ამან არ შეიწირა დემოკრატიული პრინციპები, პოლიტიკური სტაბილურობა თუ ეკონომიკური ზრდა“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები