ირაკლი ნადირაძე დავით ნარმანიას აკრიტიკებს

საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საკრებულოს წევრმა, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – თბილისის“ წარმომადგენელმა ირაკლი ნადირაძემ ელბაქიძის აღმართის რეაბილიტაციის შენელებული ტემპის გამო თბილისის მერი დავით ნარმანია გააკრიტიკა.
მისი თქმით, არაგონივრულია ვადა, რომელიც ნარმანიამ აღმართის რეაბილიტაციისთვის დაასახელა. ნადირაძემ ყურადღება ასევე ქალაქში არსებულ ხიდებზე და მათი რეაბილიტაციის საჭიროებაზე გაამახვილა.
„გზებისა და ხიდების რეაბილიტაცია ქალაქში 24 – საათიან რეჟიმში უნდა ხდებოდეს. ქალაქი ძალიან მზარდია, იზრდება ავტომობილების რაოდენობაც. ბევრი ხიდის თავიდან შესწავლა და ახალი მაგისტრალების მშენებლობაა საჭირო. აბსოლუტურად არაგონივრულია ვადა, რაც დავით ნარმანიამ თქვა ელბაქიძის აღმართზე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით. მან აღნიშნა, რომ ამ სამუშაოებისთვის სამი თვეა საჭირო. მაშინ, როდესაც დასახელებული ვადის ნახევარიც კი საკმარისი იქნებოდა. გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ნარმანია ძალიან ნელა მუშაობს, თუკი ამას საერთოდ შეიძლება მუშაობა დაერქვას. ნარმანია დასაძინებლად ალბათ ივანიშვილზე ბევრად ადრეც წვება. ასეთი სარისკო ადგილები თბილისში ბევრია. ბარათაშვილის ხიდი სავალალო მდგომარეობაშია. ამის გარდა კიდევ 5-6 ხიდია თბილისში, რომლის რეაბილიტაციაც დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს“,- განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები