შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ „გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი“-ს შიდა ქსელების სპეციალისტი, 1976 წელს დაბადებული ი. ნ. და 1978 წელს დაბადებული მოქალაქე გოჩა ა. დააკავეს.
სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა შემდგომი გასაღების მიზნით, სპეციალური ტექნიკური საშუალებების გამოყენებით დაამზადეს ყალბი მართვის მოწმობა და მოქალაქეს 300 ევროდ მიჰყიდეს.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ აღნიშნული პირები, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, პერიოდულად ამზადებდნენ სხვადასხვა სახის ყალბ დოკუმენტებს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, მოქალაქეებისათვის დამზადებული 30 ცალი სხვადასხვა სახის ყალბი დოკუმენტი, მათ შორის, მართვის მოწმობები, საზღვარგარეთის პასპორტები, საბინადრო და სადაზღვევო მოწმობები ამოიღეს.
ასევე ამოღებულია აღნიშნული ყალბი დოკუმენტების დასამზადებელი სპეციალური ტექნიკური მოწყობილობები.
გამოძიება ყალბი დოკუმენტის დამზადების და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით). გამოძიებას შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.
https://www.youtube.com/watch?v=ElxT63vp-yU