„ვცდილობთ, შევამსუბუქოთ ის ზეწოლა, რომელიც არის ეროვნულ ვალუტაზე “

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ლარის კურსთან დაკავშირებულ საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ ხელისუფლება, შეძლებისდაგვარად, ცდილობს, შეამსუბუქოს ის ზეწოლა, რომელიც არის ეროვნულ ვალუტაზე.
მისივე თქმით, ხელისუფლება ამ რისკების განეიტრალების მექანიზმებზე ძალიან აქტიურად მუშაობს.
“შეძლებისდაგვარად, ვცდილობთ, რომ შევამსუბუქოთ ის ზეწოლა, რომელიც არის ეროვნულ ვალუტაზე. დამერწმუნეთ, რაც მთავრობას ბერკეტი გააჩნია, დღეს ყველა ამოქმედებულია. მოგეხსენებათ, თუ როგორი სიტუაციაა ძალიან ბევრ ჩვენს მსხვილ სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორ ქვეყანაში. ნავთობის ფასების ვარდნამ მთელი რიგი პრობლემები გამოიწვია, რომლებიც მხოლოდ რუსეთის პრობლემები არ არის. ამ შემთხვევაში მე ვსაუბრობ რეგიონში ძალიან ბევრ ქვეყანაზე. ამიტომ, რა თქმა უნდა, საქართველო ინტეგრირებულია ამ რეგიონში და მასზე ყველა ეს ფაქტორი მოქმედებს”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, რაც ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მთავრობა ყველაფერს აკეთებს.
“რაც ჩვენზეა დამოკიდებული, ყველაფერს ვაკეთებთ. მაგალითად, ექსპორტის წახალისების სპეციალური პროგრამა ყალიბდება და, სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს ამოქმედდება. პროგრამა დანერგავს იმ პრაქტიკას, რომელიც არის ძალიან ბევრ ექსპორტიორ პატარა ქვეყანაშია – ექსპორტის დაკრედიტებას, საექსპორტო გარანტიებს, საექსპორტო სადაზღვევო პროდუქტებს. გარდა ამისა, ვიზების რეგულაციები მაქსიმალურად შემსუბუქდება, რომ ჩვენ გავიაროთ ზღვარზე. ერთი მხრივ, შევასრულოთ ევროკავშირის მოთხოვნები ვიზა-ლიბერალიზაციასთან მიმართებაში და, მეორე მხრივ, მაქსიმალურად შევძლოთ, ტურიზმის მიმართულებით გავაკეთოთ წახალისება, გავაიოლოთ ადამიანების შემოსვლა საქართველოში. ესეც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია და ასე შემდეგ”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები