ვანში ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყო

ვანის რაიონის სოფელ ზედა ვანში 22 წელია სკოლის შენობა არ არსებობს.
მოსწავლეებს გაკვეთილები საკრებულოს ყოფილ შენობაში სახელდახელოდ მოწყობილ არასტანდარტულ საკლასო ოთახებში უტარდებათ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, გასული წლის დეკემბერში სოფელ ზედა ვანში თანამედროვე, ორსართულიანი სკოლის მშენებლობა დაიწყო. მშენებლობის მიმდინარეობას მინისტრი თამარ სანიკიძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცო და მოსახლეობასაც შეხვდა.
სოფელ ზედა ვანის მოსახლეობა ახალი სკოლის მშენებლობაზე დაპირებას 90-იანი წლებიდან იღებდა, მაგრამ რეალურად, მშენებლობა 2014 წლამდე არ დაწყებულა. იმის გამო, რომ მოსწავლეებს გაუსაძლის პირობებში უწევდათ სწავლა და თაობები იზრდებოდა არაჯანსაღ, სრულიად შეუფერებელ გარემოში, ოჯახები ტოვებდნენ სოფელს, შედეგად, მოსწავლეთა რაოდენობა 200-დან 130 ბავშვამდე შემცირდა.
2014 წლის 18 დეკემბრს სკოლის მშენებლობა დაიწყო და სწრაფ ტემპში მიმდინარეობს.
ხელშეკრულების ვადიდან და სამშენებლო რიტმიდან გამომდინარე, სოფელ ზედა ვანში ახალი სასწავლო წლისთვის უკვე იქნება თანამედროვე სტანდარტების ახალი, ორსართულიანი სკოლის შენობა, რომელიც 200 მოსწავლეზეა გათვლილი. ამჟამად სოფელ ზედა ვანის სკოლაში 131 მოსწავლე სწავლობს, სოფელს ესაზღვრება მაღალმთიანი სოფლები: გადიდი და ონჯოხეთი. საჭიროების შემთხვევაში, ახალი სკოლა ამ სოფლის მოსწავლეებსაც მოემსახურება.
მოსახლეობის განცხადებით სოფელს, აუცილებლად დაუბრუნდებიან სხვადასხვა დროს სოფლიდან წასული ოჯახებიც და ამის მიზეზი სწორედ, თანამედროვედ აღჭურვილი, ევროპული სტანდარტების ახალი სკოლა იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები