„რუსეთის უკანონო, დესტრუქციული ქმედებები მშვიდობიანი ევროპის იდეას საფრთხეს უქმნის“

რუსეთის უკანონო, დესტრუქციული ქმედებები მიმართულია საქართველოსა და უკრაინის ევროპული კურსის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა ილიას უნივერსიტეტში ლექციაზე განაცხადა.
“რუსეთის მიერ პროვოცირებული უკრაინის კრიზისი სერიოზულ საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას ევროპის კონტინენტზე. საქართველო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენ ვგმობთ ყველა იმ ქმედებას, რომელიც მიმართულია ამ ფუნდამენტური პრინციპის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ეს პროცესი დღეს არ დაწყებულა და ის 2008 წლის აგვისტოს ომის გაგრძელებას წარმოადგენს. ცხადია, რომ რუსეთის უკანონო, დესტრუქციული ქმედებები მიმართულია ჩვენი ქვეყნების ევროპული კურსის წინააღმდეგ და პირდაპირ უქმნის საფრთხეს ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის იდეას”, – განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.
როგორც ბერუჩაშვილმა აღნიშნა, მიუხედავად ამ რთული ვითარებისა, საქართველოს ევროპული გეზი უცვლელია.
“დღეს როგორც არასდროს, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის ერთიანობას, სიმტკიცეს და პრინციპულობას. ეს არის საუკეთესო სტრატეგია რუსეთის აგრესიის საპასუხოდ, მათ შორის სანქციების, რეჟიმის შენარჩუნების გზით, სანამ რუსეთი არ შეასრულებს საერთაშორისო შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს, მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებით. ამ ფონზე ჩვენი მოლოდინია, რომ ევროკავშირი უკომპრომისო იქნება ძირითადი ფასეულობებისა და უსაფრთხოების საკითხებთან მიმართებაში”, – განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ უნივერსიტეტში ლექციას მინისტრთან ერთად, საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები