„ხელისუფლებას ვთხოვთ, არ გადასცენ კადიევი რუსეთს. იქ მას წამება და სიკვდილი ელის“

არასამთავრობო ორგანიზაციები: “ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის” და “მარო მაყაშვილის საზოგადოება” ხელისუფლებას სთხოვენ, არ გადასცენ მსჯავრდებული რუსეთის ფედერაციას, – ამის შესახებ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ “კვირას” პრესკლუბში განაცხადეს.
არასამთავრობოები უკვე წელიწადზე მეტია „არ გადასცე კადიევი რუსეთს-შეაჩერე წამება“ – კამპანიას ატარებენ“.
როგორც “ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის” თავმჯდომარე ნატალია ხოხიაშვილმა განმარტა, მიკაელ კადიევი რუსეთში მკვლელობაში თანამონაწილეობისათვის იძებნება. მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ მას აღნიშნულ საქმეში არავითარი ბრალი არ მიუძღვის, მას რუსეთის ციხეში წამება და გარდაუვალი სიკვდილი ელის.
„მინდა დახმარება ვთხოვოთ პირადად პრემიერს, რომ არ დააკმაყოფილოს ქართულმა მხარემ რუსეთის პროკურატურის მოთხოვნა და არ გადასცეს მიკაელ კადიევი რუსეთს. კადიევი ციხიდან დახმარებას სთხოვს მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს და აცხადებს, რომ რუსეთის ციხეში მას სიკვდილი ელოდება. ჩვენ არ უნდა გადავცეთ მათ ადამიანი, რომელსაც სინამდვილეში ბრალი არ მიუძღვის მკვლელობაში, რომლის თანამონაწილედაც მას ასაღებენ. ის უდანაშაულოდ დააკავეს საქართველოშიც 2013 წელს. მისმა საქმემ საქართველოში ყველა ინსტანცია მოიარა, ახლა კი სტრასბურგში გასაგზავნად მზადდება“,- განაცხადა ნატალია ხოხიაშვილმა.
ხოხიაშვილი, აღნიშნულთან ერთად, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დააკმაყოფილოს კადიევის თხოვნა და მიანიჭონ მას დევნილის სტატუსი. „ კადიევის თხოვნა აუცილებლად უნდა დააკმაყოფილონ და მიანიჭონ მას დევნილის სტატუსი. ის არის ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს საქართველო და ციხიდან გამოსვლის შემდეგ ქართველ მანდილოსანზე დაქორწინებას აპირებს“,- აღნიშნა ხოხიაშვილმა.
მიკაელ კადიევისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ სასამართლო სხდომა 21 იანვარსაა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, რომ 26 წლის მიკაილ კადიევი (მიქაელ ქადოევი) შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2013 წელს ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დააკავა. თუმცა მოგვიანებით მისი ბრალი გადაკვალიფიცირდა და ამჟამად ის სასჯელს იარაღის უკანონოდ შენახვისთვის იხდის. კადიევს 2 წელი აქვს მისჯილი. ის სასჯელაღრსრულების დაწესებულებას 5 თვეში დატოვებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები