“იქნებ შევქმნათ საინიციატივო ჯგუფი, მოვაგროვოთ ფული და ვიყიდოთ გამსახურდიას მანქანა”

მანქანების ყიდვა-გაყიდვის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მანქანა იყიდება, უფლებადამცველი გიორგი გაბედავა ეხმაურება.
გაბედავა გამოდის წინადადებით, შეიქმნას საინიციატივო ჯგუფი, შეიკრიბოს შესაბამისი თანხა და ავტომობილი კვლავ საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში გადმოვიდეს.
„ყურადღებით წაიკითხეთ, გთხოვთ, ყველა ქართველს! იყიდება საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ყოფილი ბრონირებული მერსედესი, 32 000$ აქვს ფასი… იქნებ შევქმნათ საინიციატივო ჯგუფი და მოვაგროვოთ ფული და ვიყიდოთ ეს მანქანა და გადავცეთ მუზეუმს, რომელიც ადრე თუ გვიან გვექნება… ეს მანქანა საქართველოს კუთვნილება უნდა იყოს“, – წერს გიორგი გაბედავა ფეისბუქის პირად გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ მანქანების ყიდვა-გაყიდვის ვებგვერდზე: myauto. Ge 2015 წლის 1 იანვარს მსუბუქი ავტომობილის MERCEDES-BENZ-ის გაყიდვის თაობაზე განცხადება გამოქვეყნდა. როგორც განცხადებაში აღნიშნულია, ავტომანქანა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ყოფილი მანქანაა და იგი 32 000 დოლარად არის შეფასებული.
„კვირას“ ზვიად გამსახურდიას დროინდელი ხელისუფლების უზენაესი საბჭოს წევრმა ნემო ბურჭულაძემ განუცხადა, რომ ლურჯი ფერის „მერსედესი“ ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს, მართლაც, ემსახურებოდა, თუმცა აღნიშნული ავტომობილი სახელმწიფოს ბალანსზე ირიცხებოდა.
„კვირა“ ამ საკითხზე საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მეუღლეს მანანა არჩვაძე – გამსახურდიას დაუკავშირდა, თუმცა მან კომენტარისგან თავი შეიკავა.
„კვირამ” ინფორმაციის გადასამოწმებლად ზვიად გამსახურდიას ვაჟს, ცოტნე გამსახურდიასაც მიმართა. მისი თქმით, ამ დროისთვის მანქანა კვალის არევის მიზნით აზერბაიჯანშია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები