ქართული თეატრის დღე მესხეთში აღნიშნეს

ქართული პროფესიული თეატრის აღდგენიდან 16 და მესხეთის თეატრის 140 წლის იუბილეს აღნიშვნა 13 იანვრიდან დაიწყო. 13 იანვარს, მესხეთის თეატრში, თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლი „ჩვენ გველის დიდება“ გაიმართა.
14 იანვარს საზეიმო ღონისძიებები 15:30 საათზე, მესხეთის თეატრის ფოიეში გამოფენით გაგრძელდა. გამოფენა „ქართული კერა მესხეთში“ მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმის ორგანიზებით გაიმართა და ქართული პროფესიული თეატრის ყველა ღირშესანიშნავ მოვლენასა და მესხეთის თეატრის ისტორიას ასახავდა. გამოფენაზე გამოტანილი იყო სამოცამდე ფოტორეპროდუქცია: პირველი ქართული თეატრალური შენობები, პირველი ქართული თეატრის ჭაღი, ზუბალაშვილების სახლი, ოპერის თეატრის პროექტები და ა.შ.
„მესხეთის თეატრმა დიდი როლი შეასრულა რეგიონში ქართული ეროვნული სულის შენარჩუნებისა და აყვავების საქმეში. ამიტომ ჩვენს მუზეუმში საკმაოდ ბევრი და საინტერესო მასალა არის დაცული 1901 წლიდან“, – ამბობს საქართველოს ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია.
გამოფენის შემდეგ სტუმრებმა თეატრის დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც ვიდეორგოლის პრეზენტაცია გაიმართა. ვიდეორგოლში ასახული იყო ქართული პროფესიული თეატრის 2014 წლის წარმატებები და მიღწევები.
პრეზენტაციის შემდეგ, კულტურის სამინისტროს საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ მესხეთის თეატრის ღვაწლმოსილი მსახიობები.
მოგვიანებით, სცენა სპქტაკლების ნაწყვეტებს დაეთმო. მესხეთის თეატრის მსახიობებმა სპექტაკლი „მე მინდა კნეინა გავხდე“ დადგეს. სხვადასხვა სპექტაკლი გააცოცხლეს სცენაზე საქართველოს თეატრების წამყვანმა მსახიობებმა.
მესხეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ლია სულუაშვილმა ორი ერთგული მაყურებელი ერთწლიანი უფასო აბონემენტით დააჯილდოვა.
„ჩვენ საკმაოდ ძირძველი თეატრი გვაქვს და ძალიან ვამაყობთ. დღევანდელ დღეს ქართული თეატრის 165 და მესხეთის თეატრის 140 წლის იუბილეს ვზეიმობთ“, – ამბობს მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლია სულუაშვილი.
საღამოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძე და თეატრის მოღვაწეები ესწრებოდნენ.
„საგულისხმოაამ რეგიონში ასეთი ღონისძიების აღნიშვნა. მესხეთის თეატრის მოღვაწეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ქართული იდენტობის შესანარჩუნებლად, დასამკვიდრებლად და გასამტკიცებლად. ვულოცავთ 140 წლის იუბილეს ახალციხეს“, – ამბობს კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი.
იუბილის აღნიშვნა ადგილობრივი ანსამბლ „მესხეთის“ „მრავალჟამიერით“ და ფეიერვერკით დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები