ირაკლი ღარიბაშვილი: დიდი პატივია, როცა შენს ქვეყანას ემსახურები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოცემა Leaders-თან ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ბოლო 20 წლის განმავლობაში ქვეყანამ ტრანსფორმაციის რთული პერიოდი გაიარა, თუმცა ახალმა ხელისუფლებამ დემოკრატიის დამკვიდრება შეძლო.
„მე გავიზარდე საბჭოთა კავშირის პირქუშ ეპოქაში და კარგად მახსოვს ეს ურთულესი პერიოდი. შემდეგ გავემგზავრე ევროპაში, რათა პარიზში გამეგრძელებინა განათლების მიღება პოლიტოლოგიის სფეროში, რადგანაც პოლიტიკა ყოველთვის მაინტერესებდა. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ სასიკეთო ცვლილებებში წვლილის შეტანა შემეძლო. დიდი პატივია, როცა შენს ქვეყანას ემსახურები და ხალხისა და სახელმწიფოსთვის სიკეთე მოგაქვს.
პარიზში სწავლის პერიოდში უფრო ახლოს გავეცანი ევროპულ დემოკრატიულ ღირებულებებს.
დღეს ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა, მართლაც, ევროპულ სახელმწიფოდ ვაქციოთ. ბოლო 20 წლის განმავლობაში ქვეყანამ ტრანსფორმაციის რთული პერიოდი გამოიარა. ჩვენ გადავიტანეთ სამოქალაქო ომი და 2008 წლის ომი რუსეთთან. საქართველო დღესაც ებრძვის ბოლო ათი წლის განმავლობაში მომხდარი ადამიანის უფლებების დარღვევების შედეგებს.
ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ მივიღეთ გადამწყვეტი ზომები, რათა გაგვერღვია ელიტარული კორუფციის, დაუსჯელობისა და მხოლოდ ერთეულებისათვის სასარგებლო ეკონომიკის მოჯადოებული წრე. ჩვენ დავამკვიდრეთ ნამდვილი დემოკრატია, რომლის პირობებშიც მმართველობა არის უფრო ღია, ანგარიშვალდებული და განუხრელად იცავს კანონის უზენაესობას.
ჩვენ უზუნველვყავით ხელისუფლებისა და საზოგადოების ურთიერთობის ის ფორმა, რომელშიც დაფასებულია შრომა და მეწარმეობა. ჩვენ ასევე ვეხმარებით მოსახლეობის გაჭირვებულ ფენებს.
ჩვენს ხალხს სურს რეალური დემოკრატია და განვითარება. ასე რომ, დადგა ჩვენი ქვეყნის ევროპულ სახელმწიფოდ ტრანსფორმაციის დრო“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის შეფასებით, საქართველო განსხვავდება იმისგან, რაც ორი წლის წინ იყო. მისივე თქმით, დასახული მიზნების მისაღწევად მთავრობამ დაუღალავად უნდა იმუშაოს.
„ხალხი ცვლილებებს ითხოვს. ისინი მზად იყვნენ, დემოკრატიული გზით შეეცვალათ ხელისუფლება. დღეს საქართველო მომწიფებული დემოკრატიის ქვეყანაა და ძალიან განსხვავდება იმისგან, რაც იყო თუნდაც ორი წლის წინ.
მე არ ვამბობ, რომ უკვე მივაღწიეთ დემოკრატიის სასურველ დონეს. დასახული მიზნების მისაღწევად წინ დაუღალავი და მუდმივი შრომა გველის, მაგრამ ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ ვიცით, რისი მიღწევაც გვსურს“, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები