„მთავარია უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე მონა არ იყოს “

„მთავარი კრიტერიუმი, სხვა მოთხოვნებთან ერთად, უზენაესი სასამართლოს მომავალი თავმჯდომარის მიმართ არის ის, რომ მონა არ უნდა იყოს“,- აღნიშნული განცხადება პოლიტიკისა და სამართლის ცენტრის თავმჯდომარემ, ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
გიგუაშვილი პრეზიდენტის განცხადებასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, მისასალმებელია პრეზიდენტის მზაობა, უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის კანდიდატურის შესარჩევად კონსულტაციები დაიწყოს.
„დღეს ბევრი მსჯელობაა იმაზე, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა, რომ უნდა იყოს კომპეტენტური სამართალში, ღირსეული რეპუტაციის მქონე, თავისუფალი პოლიტიკური ზეგავლენისგან და ა.შ.. ცხადია, ყველა ეს კრიტერიუმი მნიშვნელოვანია. ასევე მისასალმებელია პრეზიდენტის მზადყოფნა, ამ საკითხზე დაიწყოს კონსულტაციები. მაგრამ მთავარი კრიტერიუმი, რომლითაც, ჩვენი აზრით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა უნდა შეირჩეს, არის მისი პიროვნული თავისუფლების ხარისხი. წარსული გამოცდილება გვანახებს, თუ როგორი საშიშია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის სასამართლო ხელისუფლების მონური მორჩილება პოლიტიკური ხელისუფლების მიმართ. მიუხედავად ადმინისტრირების აშკარა გაუმჯობესებისა, თუ არ ჩავთვლით ბოლო ორ წელს, სურათი, რასაც ჩვენ ვხედავთი, სასამართლო დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, აშკარად უარყოფითი იყო და ამან აზარალა კიდეც ქვეყანა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროფესიონალიზმიც, რეპუტაციაც, წარსული გამოცდილებაც მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარია, რომ უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე იყოს პრინციპული, პირადი თავისუფლების მქონე და საკუთარ კომფორტზე მაღლა საზოგადოების ინტერესების დაყენება შეეძლოს “, -აცხადებს ამირან გიგუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები