ანუკი არეშიძის და „კვირას“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში კომპანიები სოციალურად დაუცველ ოჯახს დაეხმარებიან

სოციალურად დაუცველ ტატალაშვილების მრავალშვილიან ოჯახს დიზაინერ ანუკი არეშიძის და პორტალი „კვირა“-ს ინიციატივით რამდენიმე კერძო კომპანია დაეხმარება.
„კვირამ“ საზოგადოებას ერთი ოჯახის გაჭირვების შესახებ უამბო, სადაც ძალიან მძიმე პირობებში 5 არასრულწლოვანი ბავშვი იზრდება. სტატიას დიზაინერი ანუკი არეშიძე გამოეხმაურა, რომელთან ერთადაც პორტალმა საქველმოქმედო აქცია დაგეგმა.
პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორის ანუკი არეშიძის განმარტებით, აუცილებელია შეჭირვებულმა ოჯახებმა საზოგადოების თანადგომა იგრძნონ. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება, თანხის გარდა, ასეთ ოჯახებს სამუშაო ადგილების პოვნითაც დაეხმაროს.
„ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის აქციები, პირველ რიგში, ყველას უხარია ყურადღება და, მით უმეტეს, როდესაც ეს ყურადღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისათვის, ძალიან დასაფასებელია, რომ ბევრი კომპანია დაგვიდგა გვერდით და ამ ლამაზ ოჯახს ერთი დღეს გავულამაზებთ, იგრძნობენ სიტკბოს, ყურადღებას და იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი მრავალშვილიანი ოჯახები ქვეყნისთვის. სოციალური ქსელის მეშვეობით ძალიან ბევრი ადამიანი გაერთიანდა ერთი კონკრეტული ოჯახის ან პიროვნების დასახამრებლად,რაც ძალიან მახარებს. აუცილებელია, რომ ყველამ ჩვენი წვლილი შევიტანოთ კეთილ საქმეში, არა მარტო ფინანსური თვალსაზრისით, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ბევრია ასეთი ოჯახი და, ვფიქრობ, უფრო სწორი იქნება, თუ ჩვენ მათ სამსახურით დავემხარებით, რომ საკუთარი თავის რეალიზება შეძლონ და პიროვნულად გაიზარდონ“, – განაცხადა ანუკი არეშიძემ.
ოჯახს, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფის დახმარების გარდა, არანაირი შემოსავალი არ გააჩნია. მათ საცხოვრებელიც არ ჰქონდათ მანამ, სანამ მთავრობამ დიდ დიღომში 2-ოთახიანი ბინა არ უქირავა.
როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, „კვირას“ კომერციულმა დირექტორმა ანა ჩანგიანმა განმარტა, „კვირა“ სხვადასხვა შეჭირვებულ ოჯახს ყოველ თვეში დაეხმარება.
„ საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი „კვირა“ სხვადასხვა სოციალურ პროექტში მონაწილეობს. ჩვენ შევეცდებით საზოგადოებას გავაცნოთ ის ოჯახები, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ მათ გვერდით დგომას. ჩვენ ამჯერად სტატია მივუძღვენით ტატალაშვილების ოჯახს, რამაც დიდი გამოხმაურება ჰპოვა და რამდენიმე კომპანიამ გამოთქვა სურვილი, რომ ჩვენთან ერთად მიეღო ამ სოციალურ პროექტში მონაწილეობა, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი“,- განაცხადა ანა ჩანგიანმა.
ორგანიზატორების გარდა აქციაში ჩაერთნენ კომპანიებიც. მათ შორისაა კომპანია „ზედაზენი“. კომპანიის წარმომადგენლები „კვირას“ მეშვეობით ტატალაშვილების ოჯახის ცხოვრებას გაეცნენ და საქველმოქმედო პროექტში ჩაერთნენ. როგორც კომპანიის პიარ- მენეჯერმა ხათუნა მიქაცაძემ „კვირასთან“ საუბრისას განმარტა, კომპანია მსგავს პროექტებში მონაწილეობას მომავალშიც გააგრძელებს და ერთჯერადი დახმარებით არ შემოიფარგლება.10906465_909148962463282_1921367303551103822_n
„პორტალი „კვირა“, ზოგადად გამოირჩევა საინტერესო თემებით და მასალებით. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ინიციატივა, დაეხმაროთ სოციალურად დაუცველ ოჯახს. სიამოვნებით და სიხარულით გიერთდებათ ამ კეთილ საქმეში „ზედაზენიც“ და ჩვენს ჰოლდინგში შემავალი სხვა კომპანიებიც – იქნება ეს „ბარამბო“, „მიქს 2“ და „რკინა- ბეტონის შპალის“ ქარხანა. მნიშვნელოვანია, რომ როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორი აცნობიერებდეს საკუთარ როლს და ვალდებულებას სოციალური პროექტების კუთხით. ავიღოთ ერთმანეთისგან ამის მაგალითი. ბევრ მსგავს სოციალურ პროექტში მიგვიღია მონაწილეობა და ვმონაწილეობთ დღესაც. ჩვენ ამჯერად მათ „ზედაზენისა“ და „ბარამბოს„ პროდუქციით დავეხმარებით, თუმცა ჩვენი დახმარება ერთჯერადი სახის არ იქნება“,- განაცხადა ხათუნა მიქაცაძემ.
ტატალაშვილების ოჯახს დახმარებას გაუწევს პურის მწარმოებელი კომპანია „ბალტიკ ბეიკერი“. როგორც კომპანიის მფლობელმა დიანა სევილევიჩმა განაცხადა, კომპანია აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა საქველმოქმედო აქციაში. „ბალტიკ ბეიკერი“ მზრუნველობამოკლებულ ბავშვებსა და მოხუცებს ეხმარება.
პურის მწარმოებელი „ბალტიკ ბეიკერი“ მესამე წელია, რაც ქართველ მომხმარებელს მის პროდუქციას სთავაზობს. „ბალტიკ ბეიკერი“ პურის მწარმოებელი კომპანიაა. ქართულ ბაზარზე უკვე სამი წელია, რაც არსებობს. კომპანიას სპეციალური, ბალტიური რეცეპტი აქვს და ის მხოლოდ მაღალი ხარისხის ჭვავის პურს აწარმოებს. პური იწარმოება როგორც თბილისში, ასევე დასავლეთ საქართველოშიც. აღსანიშნავია, რომ ჩვეულებრივი პურის გარდა, კომპანია დიეტურ პურსაც აწარმოებს. როგორც „ბალტიკ ბეიკერის“ მფლობელი დიანა სევილევიჩი ამბობს, დიეტური პური განსაკუთრებით სასარგებლოა იმ ადამიანებისთვის, ვისაც წონის პრობლემა აქვს. მართალია, პური ნაკლებ კალორიებს შეიცავს, მაგრამ ის მდიდარია ორგანული ნაერთებით და ადამიანის ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა.
სოციალურად დაუცველ წვრილშვილიან ოჯახს საკვებითა და საყოფაცხოვრებო საგნებით დაეხმარება რესტორანი „წისქვილი“. როგორც რესტორან „წისქვილის“ წარმომადგენელმა ნაილი ტორჩინავამ „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, „წისქვილი“ სხვადასხვა სოციალურ პროექტში მუდმივად მონაწილეობს და სხვადასხვა საჭირო ნივთებითა თუ საკვებით მოხუცებსა და მიუსაფარ ბავშვებს ეხმარებიან.
„ ჩვენ, შეძლებისდაგვარად, ყველას ვეხმარებით. ვაპირებთ საკვებით და საყოფაცხოვრებო ნივთებით დავეხმაროთ იმ სოციალურად დაუცველ ოჯახს, რომელიც თქვენ გააშუქეთ. პერიოდულად ჩვენ ვსტუმრობთ ბავშვთა სახლებს, მოხუცთა და მარტოხელა დედათა თავშესაფრებს და ვეხმარებით მათ“,- განაცხადა ნაილი ტორჩინავამ.
ივანე ტატალაშვილისა და მისი მეუღლე გიული სამადაშვილი ჯანმრთელობის პრობლემების გამო ფაქტობრივად შრომისუუნარო პირებს მიეკუთვნებიან და 15 წელია უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ.
ტატალაშვილების ოჯახის ყოფას ბოლო დღეებია უკვე უშუქობისა და უგაზობის პრობლემაც ამძიმებს. ოჯახი კომუნალური გადასახადების გადახდას ვეღარ ახერხებს და მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ცივ ზამთარს სიბნელესა და სიცივეში ატარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები