საჯარო რეესტრის სააგენტო საქართველოს ერთიან აეროფოტოს გადაიღებს



საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ნორვეგიის კარტოგრაფიის ორგანოსთან (STATENS KARTVERK) ერთად ახალ პროექტს იწყებს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობით, “რუკები მიწის მდგრადი მართვისთვის – საქართველოს ორთოფოტო” პროექტის ფარგლებში საქართველოს მთელი ტერიტორიის ერთიანი აეროფოტოს გადაღება მოხდება.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, აღსანიშნავია, რომ ამ მასშტაბის პროექტის განხორციელება და ერთიანი ორთოფოტო სურათის შექმნა ქვეყანაში პირველად ხორციელდება. პროექტი საქართველოს ტერიტორიის 20 სმ-იანი რეზოლუციით აეროგადაღებასა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორთოფოტოების შექმნა-დამუშავებას ითვალისწინებს. ორთოფოტოებს სააგენტო 1:2000 მასშტაბის რუკების დასამუშავებლად გამოიყენებს. პროექტის არეალი სამ ბლოკად არის დაყოფილი: I ბლოკის აეროგადაღება მოხდება 2015 წლის აპრილ-მაისში, მე-II და მე-III ბლოკების კი – 2015 წლის მაის-ივნისში.
პროექტი ასევე ითვალისწინებს სააგენტოს შესაბამისი ტექნიკით აღჭურვას, 5 ფოტოგრამეტრიული სამუშაო სადგურის და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის შეძენას. პარალელურად, შერჩეული 1000 კვ.მ ურბანული ტერიტორიის ლიდარით სკანირება და მიღებული მონაცემების დამუშავება, კონტურული ხაზების შექმნა და ტოპოგრაფიული მონაცემებისთვის ტექნიკური სპეციფიკაციებიც შემუშავდება.
ამას გარდა, გამოცდილი კონსულტანტები ქართველ სპეციალისტებს ფოტო და სტერეოგრამეტრიაში, ასევე ორთოფოტოების დამუშავებასა და აეროგადაღების ტექნიკური სპეციფიკაციების საკითხებზე ტრენინგებს ჩაუტარებენ და საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დრომდე საქართველოში კონკრეტული არეალების აეროფოტოგადაღება სახელმწიფოს დაკვეთით სულ სამჯერ განხორციელდა (2000, 2005 და 2010 წწ.). სამოქმედო გეგმის არარსებობის გამო, გადაღება სპონტანურად ხდებოდა.
ორთოფოტოგეგმების მნიშვნელოვანი ნაწილი ტექნოლოგიური დარღვევებითაა შექმნილი, რის გამოც ისინი თანამედროვე სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და, ამას გარდა, ქაოსურ და არაერთგვაროვან სურათს ქმნის.
ახალი პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საკუთრების უფლებების დაცვის, მიწათსარგებლობის დაგეგმვისა და მიწის მართვის პროცესებს. ამას გარდა, მისი განხორციელება ხელს შეუწყობს ქვეყნის საზღვრებს გარეთ, NSDI-ის კონცეფციისა და ევროკავშირის INSPIRE დირექტივის შესაბამისად, გეოგრაფიული მონაცემების კომბინირებას, გარემოს დაცვისა და ბუნებრივ კატასტროფებზე რეაგირებას.
პროექტი “რუკები მიწის მდგრადი მართვისთვის: საქართველოს ორთოფოტო” ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 1 725 000 ევროა. აქედან ნორვეგიის მთავრობის გრანტი შეადგენს 1 420 000 ევროს, ხოლო სააგენტოს შენატანი – პროექტში 305 000 ევროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები