დადგენილების გარეშე ჩხრეკა აღარ ჩატარდება

 

დადგენილების გარეშე ჩხრეკა აღარ ჩატარდება, – გადაწყვეტილება ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მიიღეს.

სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებზე უარი თავად კანონპროექტის ავტორებმა განაცხადეს, შესაბამისად, სამართალდამცავებს ჩხრეკის წარმოებისათვის კვლავ წერილობითი თანხმობა სჭირდებათ.

არასამთავრობო ორგანიზაციის ერთმა ნაწილმა შენიშვნები კოდექსის 120-ე მუხლთან დაკავშირებით გამოთქვა, რომელიც ამოღებისა და ჩხრეკის წესის ნორმებს შეეხებოდა. განხილვების შემდეგ საკითხის ინიციატორებმა აღნიშნული მუხლი უცვლელად დატოვეს და მისი უკან გაწვევის გადაწყვეტილება მიიღეს.

კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საზოგადოების ინტერესი დიდია, შესაბამისად, მასზე მუშაობა და მსჯელობა შემდეგ მოსმენებზეც გაგრძელდება. აღინიშნა, რომ მსჯელობა დაინტერესებულ პირებთან ერთად კონსულტაციების ფორმატში გაიმართება.
“ძალიან კმაყოფილი ვარ, ჩვენი შეთავაზება გაიზიარეს ამ კანონპროექტის ავტორებმა და ინიციატორებმა. ჩვენთვის ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტი, ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარია. ჩხრეკისა და ამოღების პროცედურები დარჩება იგივე რედაქციით, რაც არის და არ შევა ის ცვლილება, რომელიც იყო წარმოდგენილი“, -განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები