ავტობუსით მგზავრობისას დაჯარიმებული 21 ათასი მოქალაქე ჯარიმას აღარ გადაიხდის
მოქალაქეები, რომლებიც ავტობუსით მგზავრობისას ბილეთის აუღებლობის გამო დაჯარიმდნენ, ხოლო გადაუხდელობის გამო ჯარიმა 75 ლარზე ავიდა, შესაძლოა, ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდნენ. აღნიშნულის შესახებ კანონპროექტი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში შევიდა.
როგორც დეპუტატი ოთარ ჩრდილელი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, ასეთი 21 ათასი ადამიანია.
„ძალიან გახარებული ვარ. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში მივიღეთ კანონპროექტი, რომლითაც 21 ათასი ადამიანი თავისუფლდება ადმინისტრაციული სახდელისგან. საუბარია მილიონნახევარ ლარ ჯარიმაზე. გასაგებ ენაზე რომ ვთქვა, ეს ეხება იმ შეჭირვებულ ადამიანებს, რომლებმაც ავტობუსში ბილეთი ვერ იყიდეს და ხუთლარიანი ჯარიმა 75 ლარზე აუვიდათ. მართლა სისულელეა, ადამიანი, რომელიც ბილეთის ფულს ვერ იხდის, ის 5 და, მით უმეტეს, 75 ლარს ვერანაირად ვერ გადაიხდის. ვუყურებ საინფორმაციოებს, მაინტერესებს მოსახლეობამდე როგორ (და საერთოდ თუ) მიიტანენ ამ ჰუმანურ აქტს“, – წერს დეპუტატი.