წიგნის „ქართული ისტორიული საბუთების კორპუსის III ტომის“ პრეზენტაცია გაიმართება

13 იანვარს, 12:00 საათზე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზში გაიმართება „ქართული ისტორიული საბუთების კორპუსის III ტომის“ პრეზენტაცია.
წიგნი გამოიცა უზენაესი სასამართლოს ფინანსური მხარდაჭერით.
წინამდებარე ტომით სრულდება „ქართული ისტორიული საბუთების კორპუსის’“ პირველი სერიის პუბლიკაცია, რომელიც I და II ტომებთან ერთად მთლიანობაში წარმოაჩენს საქართველოს ერთიანობის ხანიდან ჩვენამდე მოღწეულ ისტორიული დოკუმენტების ტექსტებს. მათ შორისაა შეწირულებისა და წყალობის სიგელები, ფიცის წიგნები, საეკლესიო გუჯრები, სასამართლო აქტები და სხვ. „კორპუსის“ III ტომი მოიცავს XV საუკუნის მეორე ნახევარს. ტომში შესულ საბუთთა ნაწილი ცნობილია სხვა გამოცემებიდანაც, ნაწილი კი პირველად ქვეყნდება. რამდენადაც მოცემული პერიოდი ღარიბია ისტორიული ნარატივებით, ამდენადვე მაღალია ტომში შესული მასალის წყაროთმცოდნეობითი ღირებულება. წარმოდგენილი საბუთების კრიტიკულად დადგენილი ტექსტები სამეცნიერო ბიბლიოგრაფიით და დედნების ფოტოასლებით დიდ სამსახურს გაუწევს საქართველოს ისტორიისა და ქართული სამართლის ისტორიის მკვლევართ, ფილოლოგებს, შესაბამისი პროფილის სტუდენტებსა და პედაგოგებს, ზოგადად, საქართველოს ისტორიის საკითხებით დაინტერესებულ პირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები