გაფართოებული მოლაპარაკებები – რა საკითხები განიხილეს საქართველოს და ესტონეთის მთავრობის წევრებმა

საქართველო-ესტონეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და ურთიერთობა ნატოსთან, – საქართველოს და ესტონეთის მთავრობის წევრების გაფართოებული შეხვედრის ძირითადი თემები იყო.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოსა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრებმა გაფართოებული მოლაპარაკებებისას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის განვითარების პერსპექტივებს და ამ მიმართულებით არსებულ დიდ პოტენციალს.
გაფართოებული შეხვედრისას საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, რეგიონული უსაფრთხოება და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე არსებული გამოწვევები. გამოითქვა შეშფოთება სოხუმის საოკუპაციო რეჟიმსა და მოსკოვს შორის 24 ნოემბერს ხელმოწერილი „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ ე.წ. შეთანხმებასა და ცხინვალის რეჟიმთან მსგავსი დოკუმენტის დაგეგმილ ხელმოწერასთან დაკავშირებით.
საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესსა და რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის პერსპექტივებს. ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრისას ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების, ასევე ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესის ინტენსიფიკაციისა და სავიზო დიალოგის დასრულების მნიშვნელობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები