პარლამენტში ბავშვებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა

თბილისის პარლამენტის სასახლის მთავარი ჭიშკარი ბავშვებისთვის გაიხსნა. საქართველოს პარლამენტში ბავშვებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა, რომელზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. საახალწლო წვეულებას პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა უმასპინძლა.
“დღეს პარლამენტი მასპინძლობს ბავშვებს, ყველა ბავშვს, ბავშვთა სახლებიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს, პარლამენტის თანამშრომლების შვილებს, ქუჩიდან შემოსულ ადამიანებს, დღეს პარლამენტი არის ღია და არის ბავშვების. ეს არის, გარკვეულწილად, პირველი ნაბიჯი იმისთვის, რომ მომავალი წლიდან ჩვენ პარლამენტის შენობა, ეს ტერიტორია, უფრო ხანგრძლივი ვადით დავუთმოთ ბავშვებს, მოქალაქეებს, რათა ერთად ვიზეიმოთ, პარლამენტში და არა მხოლოდ კანონები მივიღოთ, არამედ კარგი, სასიხარულო და საზეიმო ღონისძიებებიც გავმართოთ ხოლმე. კიდევ ერთხელ, ყველას, გილოცავთ ახალ წელს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ღონისძიებაზე მოწვეული ბავშვების გართობაზე თოვლის ბაბუებმა, ბასტი-ბუბუმ, ილუზიონისტებმა, ჟონგლიორებმა და ზღაპრის გმირებმა იზრუნეს.
საახალწლო წვეულებას, ესწრებიან პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები, შვილებთან ერთად. ღონისძიება, რომელიც 12:00 საათზე დაიწყო, 17:00 საათამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები