„პრეზიდენტმა პარლამენტში წარდგენამდე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა პარლამენტთან უნდა შეათანხმოს“

„პრეზიდენტმა პარლამენტში წარდგენამდე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა პარლამენტთან უნდა შეათანხმოს“,- აღნიშნული განცხადება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გედევან ფოფხაძემ, საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ფოფხაძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატი კონსულტაციების შედეგად უნდა შეირჩეს.
„უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის გადაწყვეტის დროს, მგონია, რომ გვაქვს ყველას უფლება, არ ვიყოთ მექანიკურად ხელის დამჭერები. ამ საკითხზე უნდა გაიმართოს კონსულტაციები. ეს უნდა იყოს ინსტიტუციების კონსენსუსიც. პრეზიდენტმა არ უნდა შემოიტანოს კანდიდატურა მხოლოდ იმიტომ, რომ მას ეს უნდა. ეს უნდა იყოს შეთანხმებული ჩვენთანაც. არ უნდა შეგვექმნას იმის განცდა, რომ ვიღაც ულტიმატუმს გვიყენებს, ისევე როგორც პრეზიდენტს არ უნდა ჰქონდეს ეს განცდა პარლამენტის ან მთავრობის მიმართ. ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ რეციდივები, რაც მართლმსაჯულებაში ხდებოდა, იმიტომ რომ მოსამართლეები პოლიტიკური ნიშნით გადახრილები იყვნენ ამა თუ იმ მიმართულებით“,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს კოტე კუბლაშვილს უფლებამოსილების ვადა თებერვალში ეწურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები