დავით ნარმანია ბიზნესმენებს შეხვდა

თბილისის მერი დავით ნარმანია ბიზნესმენებს შეხვდა. მერიამ ბიზნესმენებს 2014 წლის ანგარიში და 2015 წლის გეგმები და განსახორციელებელი პროექტები წარუდგინა. შეხვედრა ბიზნესგაერთიანება “საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა” და ქალაქ თბილისის მერის ორგანიზებით გაიმართა.
როგორც დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, აქვს ინიციატივები, რომელთა გაცნობა ბიზნესმენებისთვის საინტერესოა.
“საუბარი გვექნება მშენებლობებთან დაკავშირებით, ასევე- საინვესტიციო პროექტებზე და ადმინისტრაციულ პროცედურებზე. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, რომ ადმინისტრაციული პროცედურები და ბიუროკრატია მინიმუმამდე შევამციროთ, რათა სწრაფად მივიღოთ გადაწყვეტილებები იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც კომპანიებს სჭირდებათ და, მეორე მხრივ, სახელმწიფო შესყიდვების კუთხით, 2015 წელს ბიუჯეტიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი ტენდერი უნდა გამოვაცხადოთ. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს საინვესტიციო პროგრამები და ობიექტები, სადაც შეგვიძლია დაინტერესებულ კომპანიებს მონაწილეობა შევთავაზოთ”, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.
“საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია” მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენელთან მართავს შეხვედრების ციკლს “ბიზნესდიალოგები მთავრობასთან”, რომელიც ბიზნესსექტორის რეგულარულ შეხვედრებს ითვალისწინებს. აღნიშნული შეხვედრების მიზანია, პირდაპირი დიალოგის გამართვის გზით მოხდეს სამთავრობო პროგრამებისა და პრობლემატური საკითხების განხილვა, რომლებიც მნიშვნელოვანია ბიზნესის განვითარებისთვის. პროექტის ფარგლებში ბიზნესმენებს უკვე შეხვდა საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები