2014 წელს ოფიციალურად 30 844 წყვილი დაქორწინდა
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, გასულ წელს 30 844 წყვილის ქორწინება დარეგისტრირდა.
როგორც „კვირას“ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან აცნობეს, 3307 მეტმა წყვილმა სექტემბერში მოაწერა ხელი.
მათივე ინფორმაციით, ყველაზე მეტი წყვილის ქორწინება თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, მარნეულში, მცხეთაში, სიღნაღში, თელავსა და ახალქალაქში დარეგისტრირდა.
„ქორწინების რეგისტრაციის კუთხით ლიდერი ქალაქები იყო: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი. ყველაზე მეტი წყვილის ქორწინება თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, მარნეულში, მცხეთაში, სიღნაღში, თელავსა და ახალქალაქში დარეგისტრირდა. რაც შეეხება ქორწინების საშუალო ასაკს, გასულ წელს მამაკაცები 31 წლის ასაკში, ხოლო ქალბატონები 28 წლის ასაკში ქორწინდებოდნენ. 2014 წელს დაქორწინებულთა შორის 24 135 მამაკაცი ქალბატონზე უფროსი ასაკის იყო, ხოლო 6 700 შემთხვევაში პირიქით – ქალბატონი იყო მეუღლეზე უფროსი ასაკის. საქართველოში ფუნქციონირებს 10 ქორწინების სახლი, მათ შორის სიღნაღის 24- საათიან რეჟიმში მუშაობს. გასულ წელს სიღნაღის ქორწინების სახლში 57-მა წყვილმა 00:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში დაარეგისტრირა ქორწინება“, – აცხადებენ სააგენტოში. 2014 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებსა და საკონსულოებში დაქორწინდნენ. 86-მა წყვილმა საბერძნეთში (ათენში), 44 წყვილმა ესპანეთში, ხოლო 29 მათგანმა იტალიაში, ქ. რომში მდებარე საქართველოს საელჩოში მოაწერა ხელი. რაც შეეხება გასული 6 წლის სტატისტიკას, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, 2013 წელს 34 394 წყვილის ქორწინება დარეგისტრირდა, 2012 წელს – 29 932 წყვილის, 2011 წელს – 30 861, 2010 წელს – 34 449, 2009 – 31 796, ხოლო 2008 წელს 24 696 წყვილმა იქორწინა.