დავით ნარმანია: პატრიარქის საშობაო ეპისტოლე ყურადსაღებია
მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში, თავად ადამიანებმა ვისწავლოთ ერთმანეთისთვის მიტევება – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით დავით ნარმანიამ განაცხადა.
მისივე თქმით, პატრიარქის საშობაო ეპისტოლე ოჯახის სიმტკიცის და ოჯახებში ძალადობასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით ყურადსაღებია.
“მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში, თვითონ ადამიანებმა ვისწავლოთ ერთმანეთისთვის მიტევება. როცა მეორემ შეიძლება რაღაც შეცდომა დაუშვას, აგრესიას აგრესიითვე არ უნდა ვუპასუხოთ და კონფლიქტი არ უნდა გავაღვივოთ. მნიშვნელოვანია და ხაზგასასმელია, რომ კონფლიქტების საკმაოდ დიდი ნაწილი სოციალურ ნიადაგზეა წარმოშობილი და ამ თვალსაზრისით სიდუხჭირე და უმუშევრობა ერთ-ერთი მთავარი განაპირობებელი ფაქტორებია. თითოეული ჩვენგანის ვალია, რომ მეტი ვიმუშაოთ და მეტად ვიაქტიუროთ, რომ დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნას. ის პროექტები და პროგრამები, რომელსაც თბილისის მერია ახორციელებს, იგივე კეთილმოწყობის, გამწვანების, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის თვალსაზრისით ორიენტირებულია, რომ ერთი მხრივ, მეტი ადამიანი დასაქმდეს, შემოსავლები გაჩნდეს დასაქმებული ადამიანების ოჯახში, რათა ოჯახები სოციალურად უფრო მეტად უზრუნველყოფილნი იყვნენ. მეორე მხრივ, თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დაცვის პროგრამები მიზნად ისახავს ასეთი შეჭირვებული ოჯახების მხარდაჭერას არა მხოლოდ კომუნალური ვაუჩერებით, არამედ სხვადასხვა სახით სოციალური მხარდაჭერით, რაც მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ადამიანებმა სოციალური სიდუხჭირე გადალახონ”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.