ირაკლი ღარიბაშვილი რიგაში კონფერენციაზე – “ევროპის განვითარების წელი” სიტყვით გამოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რიგაში კონფერენციაზე – “ევროპის განვითარების წელი” სიტყვით გამოვა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, “ევროპის განვითარების წელი” – ასე ჰქვია საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც 9 იანვარს რიგაში ოფიციალურად გაიხსნება.
კონფერენციაზე, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის და ევროკავშირის ინსტიტუტების მაღალი რანგის ოფიციალური პირები, ასევე სხვა საერთაშორისო, არასამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან, სიტყვით გამოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
ღონისძიებას ლატვიის პრემიერ-მინისტრი ლაიმდოტა სტრაუიუმა და ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი გახსნიან.
კონფერენციის მონაწილეები ისაუბრებენ იმ თანამშრომლობაზე, რომელიც აუცილებელია მსოფლიოს განვითარების გზაზე და განიხილავენ ზომებს, რომლებიც ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ,,ევროპის განვითარების წლის” ფარგლებში უნდა მიიღონ. 1983 წლიდან, ევროკავშირის ინიციატივით, ყოველი წელი კონკრეტული სფეროს განვითარებას ეძღვნება. 2015 წელი არის ევროპის განვითარების წელი, რომლის განმავლობაში ევროკავშირი ორიენტირებული იქნება საერთაშორისო განვითარების პოლიტიკაზე. კონფერენციას ლატვია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე სახელმწიფოს სტატუსით მასპინძლობს.
საქართველოს მთავრობის მეთაური საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას ლატვიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მიიღებს. დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრები ლატვიის პრეზიდენტ ანდრის ბერჟინსთან, ლატვიის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარე ინარა მურნიეცესთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ედგარს რინკევიჩსთან.
ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს სამთავრობო დელეგაციას ლატვიის პრემიერ-მინისტრი ლაიმდოტა სტრაუიუმა სამუშაო ლანჩზე უმასპინძლებს, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
საქართველოს სამთავრობო დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე შედიან.