ახალქალაქი – კარწახის მონაკვეთზე პირველი სატესტო მატარებლის გასვლას 5 იანვარს პრემიერი დაესწრება

„კვირასთან” საუბრისას შპს ”მარაბდა-კარწახის რკინიგზის” პიარის სამსახურის უფროსმა ქეთი შაიშმელაშვილმა აღნიშნა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის ფარგლებში ახალქალაქი – კარწახის მონაკვეთზე პირველი სატესტო მატარებელი 5 იანვარს გაივლის.
ღონისძიება საზეიმო ვითარებაში ჩატარდება და მას საქართველოს პრემიერ – მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება. მოწვეულნი იქნებიან აზერბაიჯანისა და თურქეთის მაღალჩინოსნებიც.
შპს ”მარაბდა-კარწახის რკინიგზა” საქართველოს რკინიგზის დაქვემდებარებაში არ შედის, თუმცა მისი 100 % წილის მფლობელი სახელმწიფოა და კურატორობას  ეკონომიკის სამინისტრო უწევს.
”პროექტის ფარგლებში განხორციელდება როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთო გადაზიდვებიც. როგორი სახის ტვირთი გაივლის აღნიშნულ მონაკვეთზე და იქნება თუ არა რაიმე სახის ტვირთის შეზღუდვა, უცნობია, მაგრამ სატვირთო გადაზიდვების წლიური ბრუნვა 5 მილიონი ტონა იქნება,” – აღნიშნა ქეთი შაიშმელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის განხორციელება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეორე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე იგეგმებოდა, თუმცა რიგი ფინანსური პრობლემების გამო მისი განხორციელება გადაიდო. თბილისის 2014 წლის სამიტის ფარგლებში  კი პროექტის განხორციელებაზე და მის მნიშვნელობაზე საუბარი განახლდა.
გიორგი მარგველაშვილმა მაშინ განაცხადა, რომ ბაქო-თბილისის-ყარსის სარკინიგზო პროექტი უაღრესად მნიშვნელოვანი იყო საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობისთვის რადგან ის დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის სატრანზიტო დერეფანი გახდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები