გიორგი მღებრიშვილმა და დავით ნარმანიამ არასრულწლოვან მსჯავრდებულებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს – ფოტოკოლაჟი
სასჯელაღსრულების მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და თბილისის მერი დავით ნარმანია არასრულწლოვანთა N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებას ეწვივნენ. სტუმრებმა არასრულწლოვნებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს.
გიორგი მღებრიშვილმა არასრულწლოვნებს მომავალ წელს მათი სურვილების რეალობად ქცევა უსურვა.
„ახალი წელი ყველას და მათ შორის თქვენც გაძლევთ შანსს, ყველანაირი ნეგატიური ძველ წელს დაუტოვოთ და ცხოვრება ახლიდან დაიწყოთ, ამ შანსის გამოყენება კი ისე არსად სჭირდებათ, როგორც აქ, თქვენთან. ვისურვებდი, ეს წელი თითოეული თქვენგანისთვის ბედნიერების, სასიკეთო გადაწყვეტილებების მიღების და ცხოვრების უკეთესად დაგეგმვის წელი ყოფილიყოს. მე მესმის, რომ ყველა თქვენგანს განსაკუთრებით ასეთ დღეებში ყველაზე მძაფრად უნდა სახლში, თავისიანებთან ერთად ყოფნა და დარწმუნებული ვარ უახლოეს მომავალში თქვენი სურვილი რეალობად იქცევა. ძალიან მინდა განსაკუთრებით წინასაახალწლო დღეებში არ იგრძნოთ თავი მიტოვებულად. კიდევ ერთხელ გილოცავთ და ბედნიერ, უსაკნო მომავალს გისურვებთ“, – განაცხადა მინისტრმა.
თბილისის მერმა მსჯავრდებულებს საჩუქრად სპორტული ინვენტარი და ტანსაცმელი გადასცა და დაჰპირდა, რომ მერია, შესაძლებლობის ფარგლებში, ყოველთვის მათ გვერდით იქნება: „მოვედით იმისთვის, რომ არასრულწლოვნებს დამდეგი შობა-ახალი წელი მივულოცოთ. მოვა დრო და თითოეული მათგანი დაუბრუნდება მშობლიურ სახლს და სრულფასოვან ცხოვრებას შეუდგება“.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა ერთ-ერთ მსჯავრდებულს პირადად ამცნო არასრულწლოვანთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება მისი პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ და წარმატებები უსურვა