ბორან “ნორმან ატლანტიკზე” მყოფი მამა ილია კარტოზია გარდაცვლილი იპოვეს

ადრიატიკის ზღვაში, ბორან “ნორმან ატლანტიკზე” მყოფი დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მამა ილია კარტოზია გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიაში საქართველოს ელჩი კახა სიხარულიძე ადასტურებს.
ამასთან, აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარატამენტის ხელმძღვანელმა გოგა ტაბატაძემ. მისი თქმით, სახელმწიფო მაქსიმალურად ეცდება, საქართველოში გადმოსვენებისთვის პროცედურები მალე მოაგვაროს.
„ჩვენი საელჩოსგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ ადრიატიკის ზღვაში იპოვეს ცხედარი, რომელიც აყვანილ იქნა ერთ-ერთ სამხედრო გემზე. გემიდან მოხდა ფოტოსურათის გადმოგზავნა. ფოტოსურათის მეშვეობით სამწუხაროდ, მრევლმა მოახდინა გარდაცვლილი მამაოს იდენტიფიცირება. ეს მოხდა ჯერჯერობით მხოლოდ ფოტოს მეშვეობით. გემი მოემგზავრება ქალაქ ბრინდისის პორტში. ადგილზე მოხდება ცხედრის ამოცნობა. თუ საბოლოოდ დადასტურდა, რომ გარდაცვლილი მამა ილიაა, სახელმწიფო მაქსიმალურად ეცდება, რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს ის პროცედურები, რომელიც აუცილებელი იქნება მისი საქართველოში გადმოსვენებისთვის“, – განაცხადა გოგა ტაბატაძემ.
ადრიატიკის ზღვაში ბორანს ცეცხლი რამდენიმე დღის წინ, გუშინ გაუჩნდა. გემზე 8 ქართველი იმყოფებოდა, აქედან 5 მათგანის, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვის ევაკუაცია ხანძრის გაჩენისთანავე განხორციელდა. კიდევ ორი ქართველი კი მოგვიანებით იპოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები