მიხეილ გიორგაძე: საყდრისთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ყველაზე ოპტიმალურია

კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე საყდრისთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ყველაზე ოპტიმალურ ნაბიჯს უწოდებს. საყდრისი-ყაჩაღიანის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
მისი თქმით, საზოგადოებაში არის გარკვეული სტერეოტიპი, თითქოს მეცნიერების მიერ უკვე დადასტურებული ფაქტია, რომ საყდრისი მნიშვნელოვანი ობიექტია.
„ეს ასე არ არის. დღევანდელი მდგომარეობით, იქ კვლევები პროცესს წარმოადგენს, რომლის დასრულებამაც ან ერთი, ან მეორე პოზიციის სიმართლეში უნდა გაგვარკვიოს. სამწუხაროდ, ამ პროცესს კონკრეტულად ვერავინ აღწერს იმ თვალსაზრისით, თუ როგორ დასრულდება ის, ან რა გარანტირებული შედეგი შეიძლება დადგეს. ასე რომ, ალტერნატივა იყო, ან პროცესი გაგვეგრძელებინა და არანაირი გარანტირებული შედეგის პერსპექტივა არ ჩანდა, ასევე უგულვებელყო რაიონში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ან ის გადაწყვეტილება მიგვეღო, რომელიც მივიღეთ. ვფიქრობ, ეს იყო ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება. დღეს ეს პოზიცია არ შემიცვლია“, – განაცხადა გიორგაძემ.
მინისტრმა არტეფაქტების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ უახლოეს დღეებში დროებით სივრცეში გადაიტანენ.
„ჩვენ შევარჩიეთ დროებითი სივრცე, სადაც უახლოეს დღეებში ამ არტეფაქტებს გადაიტანენ. იქ მეცნიერებს ამ არტეფაქტების დახარისხების, აღწერის საშუალება მიეცემათ. ცხადია, ჩვენ ფართო საზოგადოებას იმ პირობებს და სივრცეს გავაცნობთ, სადაც ეს მასალები შეინახება და სადაც მეცნიერები იმუშავებენ. ვფიქრობ, ბოლნისში თანამედროვე სამუზეუმო სივრცის გაჩენა ერთ-ერთი ბრწყინვალე პრეცედენტი და იმის მაჩვენებელი იქნება, თუ როგორ შეიძლება კულტურული, ისტორიული, ტურისტული, საგანმანათლებლო კომპონენტების გაერთიანება სპეციალურ, თანამედროვე სივრცეში. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო მეტად გამოყენების საშუალებას მოგვცემს“, – განაცხადა გიორგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები