საქართველოს მთავრობა კომპანია „არ-ემ-ჯი გოლდისთვის“ ლიცენზიის გაგრძელებას მხარს უჭერს

მთავრობა კომპანია „არ-ემ-ჯი გოლდისთვის“ საყდრისში სამუშაოების გაგრძელების თაობაზე ნებართვის გაგრძელებას მხარს უჭერს. პრემიერის თქმით, „არ-ემ-ჯი გოლდს“ უნდა გაუგრძელდეს ნებართვის ვადა და გააგრძელოს მუშაობა, რათა 3 ათასი ოჯახი არ დარჩეს სამსახურის გარეშე და ბოლნისის რაიონი რთულ პირობებში არ აღმოჩნდეს.
“ბოლნისში ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით არქეოლოგიურ ობიექტს. შესაბამისად, გამოდის ისე, რომ იქ არაფრის გაკეთების საშუალება არ უნდა ჰქონდეს არც სახელმწიფოს, არც კერძო კომპანიას და არც არავის. მინდა, მოსახლეობისთვის კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ ჩვენ ერთ მხარეს გვქონდა წლების განმავლობაში აბსოლუტურად მიტოვებული არქეოლოგიური ობიექტი, სადაც აღმოჩნდა რამდენიმე არტეფაქტი, მეორე მხარეს კი იდგა 3 ათასი ოჯახი და რაიონის შენახვა. მოგეხსენებათ, რომ ეს კომპანია მთლიანად ინახავს ბოლნისს. მინდა, მთავრობის სახელით დავადასტურო, რომ ჩვენ უნდა გავუგრძელოთ ნებართვის ვადა და მივცეთ კომპანიას საშუალება, გააგრძელოს მუშაობა, რათა 3 ათასი ოჯახი არ დარჩეს სამსახურის გარეშე და ბოლნისის რაიონი არ აღმოჩნდეს რთულ პირობებში. ეს არის ჩვენი საერთო პოზიცია – ჩვენ გვქონდა ამასთან დაკავშირებით საუბარი ეკონომიკურ გუნდთან”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ობიექტიდან ამოღებული არტეფაქტები დაცულ სივრცეში იქნება გადატანილი, მოგვიანებით კი ისინი იმ მუზეუმში გამოიფინება, რომელსაც ბოლნისში კომპანია გახსნის.
“ჩემი ინფორმაციით, ყველა ის არტეფაქტი, რომელიც ამ არქეოლოგიურ ობიექტზეა მოპოვებული, არის ზედმიწევნით ფრთხილად შენახული, დაცულ ადგილზე გადატანილი. ასევე ჩემი ინფორმაციით, კომპანია“არ-ემ-ჯი“ აპირებს, ააშენოს ბოლნისში თანამედროვე მუზეუმი, სადაც ყველა არტეფაქტი განთავსდება. ეს ტურისტული და კულტურული თვალსაზრისით ძალიან კარგი იქნება ბოლნისის რაიონისთვის. მინდა მოსახლეობისთვის განვმარტო, მსოფლიოში არაერთი პრეცედენტი არსებობს იმისა, რომ ასეთი ტიპის და ათჯერ და ასჯერ მეტად რთული ობიექტების გადატანა მომხდარა. მსგავსი პრეცედენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს. ანალოგიური შემთხვევა გვაქვს ჩვენც”, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები