გურამ ადამაშვილი: ეკა გიგაური 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევის თანამონაწილე იყო

არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიციის” ხელმძღვანელის გურამ ადამაშვილის მტკიცებით, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ხელმძღვანელი ეკა გიგაური 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევის თანამონაწილე იყო. ადამაშვილის განცხადებით, შსს-ში მუშაობისას გიგაურმა დარბევაში მონაწილე პირებს ხელფასები და პრემიები გაუორმაგა, რის გამოც მერაბიშვილმა ის ნაადრევად დააწინაურა.
“გარდა იმისა, რომ ეკა გიგაურის ორგანიზაციას “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” 18 დონორი ორგანიზაცია ჰყავს და საგრანტო დაფინანსება 19 მილიონზე მეტი აქვს, ყველაზე მეტი სკანდალური გარემოება იმ დოკუმენტებმა შექმნა, რომელიც გუშინ გავრცელდა. 2008 წლამდე ეკა გიგაური შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. დოკუმენტებით კი 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევებში გიგაურის თანამონაწილეობა დასტურდება. ანუ, ვინც 7 ნოემბერს აქციის მონაწილეები დაარბია, მათ ეკა გიგაურმა ხელფასები და პრემიები გაუორმაგა, ამის საფუძველზე კი 2007 წლის 24 ნოემბერს ვანო მერაბიშვილმა “კარგი საქმის შესრულებისთვის” დროზე ადრე დააწინაურა. როდესაც ამ ადამიანს ასეთი ბეგრაუნდი აქვს, გამოდის და ატარებს აქციებს, საზოგადოებაში დემაგოგიას ეწევა, ასაღებს თავს საზოგადოებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციად და როცა შსს-ში მუშაობდა, რატომ არ ჰქონდა ეს მოთხოვნები და პრეტენზიები?”, – განაცხადა ადამაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში ვრცელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე ბრძანება, რომლებიც დათარიღებულია 2007 წლის 13-21 ნოემბრით. ერთ-ერთ ბრძანებას ხელს აწერს შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ივანე მერაბიშვილი. მოვალეობის შემსრულებელი და არა მინისტრი, რადგან ამ დროს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადამდგარია და, კანონის თანახმად, ყველა მინისტრი მოვალეობას ასრულებს. როგორც ბრძანებიდან ირკვევა, სასაზღვრო პოლიციის 2007 წლის 13 ნოემბრის წერილის საფუძველზე, მერაბიშვილი ვადაზე ადრე, სასაზღვრო პოლიციის კაპიტნის წოდებას ანიჭებს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილეს, სასაზღვრო პოლიტიკის უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორს, უფროს ლეიტენანტს ეკა სიმონის ასულ გიგაურს. შემდეგ ბრძანებას ხელს აწერს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ბადრი ბიწაძე. დოკუმენტში ნათქვამია, რომ სამსახურებრივი მოვალეობის მაღალპროფესიულ დონეზე შესრულებისათვის პრემიებით დაჯილდოვდნენ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები, მათ შორის, ეკა გიგაური. ბრძანება დათარიღებულია 2007 წლის 14 ნოემბრით.
ამ საკითხთან დაკავშირებით „კვირა“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელს ეკა გიგაურს დაუკავშირდა, თუმცა ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. როგორც „კვირას“ ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნანა ლობჟანიძემ განუცხადა, ეკა გიგაური ორგანიზაციის ხელმძღვანელად 2011 წლის იანვარში დაინიშნა. მანამდე კი, ლობჟანიძის ინფორმაციით, ეკა გიგაური შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა.
„ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წინასაახალწლო არდადეგები აქვს. შესაძლებელია, ეკა გიგაური საზღვარგარეთ იმყოფება და სატელეფონო ზარებს სწორედ ამიტომ არ პასუხობს. არასამთავრობო ორგანიზაციას ეკა გიგაურის წოდების თაობაზე ივანე მერაბიშვილის ბრძანებასთან არანაირი კავშირი არ აქვს“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას ნანა ლობჟანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები