იტალიური ბორნის კატასტროფა: დაკარგული ადამიანების რაოდენობა უცნობია
ადრიატიკის ზღვაში ბორან „ნორმან ატლანტიკის“კატასტროფის შედეგად დაკარგული ადამიანების რიცხვი უცნობია. ამის შესახებ იტალიის ხელისუფლებამ განაცხადა. შეგახსენებთ, რომ მგზავრების ევაკუაცია წუხელ დასრულდა. ცნობილია, რომ კატასტროფის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა. საერთო ჯამში კი, ბორანზე 478 ადამიანი იმყოფებოდა. ხელისუფლების განცხადებით, 400-ზე მეტი მგზავრი გადარჩენილია.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის გიორგი ტაბატაძის თქმით, ბორანზე საქართველოს რვა მოქალაქე იმყოფებოდა. ხუთი მათგანის ევაკუაცია თავიდანვე მოხდა.
გიორგი ტაბატაძის ვარაუდით, სამი ქართველი შესაძლოა, იმ 70 მგზავრს შორის იყოს, რომელთა ევაკუაციაც გემიდან წუხელ განხორციელდა.
შეგახსენებთ, რომ „ნორმან ატლანტიკს“ ცეცხლი წაეკიდა მაშინ, როდესაც ბორანი ბერძნული კუნძულ კორფიდან 40 მილის მოშორებით იმყოფებოდა. ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.