ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ შუმახერის მდგომარეობა კვლავ უმძიმესია (ფოტო-კოლაჟი)
ფრანგულ პრესაში გავრცელებული ცნობები ლეგენდარული მრბოლელის მიხაელ შუმახერის ჯანმრთელობის გაუმჯობესების შესახებ მისმა მკურნალმა ექიმმა უარყო. ამ ინფორმაციას “BBC” ავრცელებს. ექიმის სიტყვები შუმახერის მენეჯერმა საბინა კემაც დაადასტურა და განაცხადა, რომ გამოჯანმრთლებისთვის მიხაელს დიდი და ხანგრძლივი ბრძოლა მოუწევს.
საბინა კემის განცხადება როგორც ჩანს საპასუხო რეაქცია გახლდათ ყოფილი მრბოლელის ფილიპ სტრეფის მიერ ფრანგული გაზეთის „Le Parisien“–ისთვის მიცემული ინტერვიუსი, სადაც სტრეფი აცხადებს, რომ მისი ცნობებით შუმახერმა ოჯახის წევრების ცნობა დაიწყო და მათთან თვალებით კონტაქტს ახერხებს.
სტრეფმა გაზეთთან ინტერვიუში ასევე აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია შუმახერის მეუღლის და მისი ქირურგისგან შეიტყო. თუმცა საბინა კემი და შუმახერის ექიმი ამ ინფორმაციას უარყოფენ. შუმახერის მკურნალმა, პროფესორმა ჟერარ საიანმა განაცხადა, რომ ფილიპ სტრეფისთვის არანაირი ინფორმაცია არ მიუწოდებია. „ უკანასკნელი წლის განმავლობაში ფილიპ სტრეფთან – არც სიტყვიერი, არც წერილობითი, არც პირადი – არანაირი კონტაქტი არ მქონია“ – განაცხადა ქირურგმა სააგენტო „ფრანც–პრესთან“ თავისი წარმომადგენლის საშუალებით. ამავე დროს, როგორც საბინა კემმა აღნიშნა, სტრეფი არ წარმოადგენს მიხაელ შუმახერის ახლო მეგობარს და არც მასთან და არც დოქტორ საიანთან ურთიერთობა არ ჰქონია. შეგახსენებთ, ზუსტად ერთი წლის წინ, 2013 წლის 29 დეკემბერს, „ფორმულა 1“–ის შვიდგზის ჩემპიონმა თავის უმძიმესი ტრამვა, ფრანგულ ზამთრის კურორტ მერიბელეში თხილამურებიტ სრიალისას მიიღო. ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ შუმახერმა 9 თვე ფრანგული გრენობლის საავადმყოფოში გაატარა, შემდეგ კი ის შვეიცარიის კლინიკაში გადაიყვანეს. სექტემბერში შუმახერი ჟენევის ტბის პირას, მის სახლში იქნა გადაყვანილი.