ლოს–ანჟელესში პოლიციელები დაცხრილეს
28 დეკემბერს, ლოს–ანჯელესში უცნობი პირებმა პატრულის ავტომობილი დაცხრილეს, რომელშიც ორი პოლიციელი ისხდა. ამ ინფორმაციას ტელეკომპანია SNN-ი ავრცელებს. პოლიციის თანამშრომლებმა თავის მხრივ საპასუხო ცეცხლი გახსნეს. ინციდენტის შედეგად სამართალდამცავები არ დაშავებულან. ინფორმაცია იმის შესახებ – დაიჭრნენ თუ არა თავდამსხმელები, ჯერჯერობით არ გახმაურებულა.
თავდასხმაში მონაწილე ერთი ეჭვმიტანილი დაკავებულია. თუმცა შემთხვევის ადგილზე იარაღის ორი ერთეული იქნა ამოღებული, რაც პოლიციას აფიქრებინებს, რომ თავდასხმაში ორმა პირმა მიიღო მონაწილეობა. მეორე თავდამსხმელის ძებნაში ასამდე პოლიციელია ჩართული.
გარდა ამისა, იავე დღეს – 28 დეკემბერს, ფლორიდის შტატში, პასკოს ოლქში უცნობმა პირმა თავის ავტომობილში მსხდომ შერიფის ორ თანაშემწეს სროლა აუტეხა. ადგილობრივი პოლიცია ინფორმაციისათვის, რომელიც ეჭვმიტანილის დაკავებაში დაეხმარება, მსურველებს 3 ათას აშშ დოლარს სთავაზობს. გავრცელებული ცნობებით თავდასხმის შედეგად შერიფის თანაშემწეები არ დაშავებულან. ამავე ოლქში პოლიცია ასევე ეძებს უცნობ პირს, რომელიც თავის ნახატ გრაფიტებში ყველას მოუწოდებს – პოლიციელებს ესროლონ. უკანასკნელ დროს აშშ–ში პოლიციელებზე თავდასხმა ძალზე გახშირდა. 27 დეკემბერს ქალაქ ფლაგსტაფში ( არიზონას შტატი) , ოჯახურ ძალადობაში დადანაშაულებულმა მამაკაცმა დაკავებისას პოლიციელი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. 20 დეკემბერს ნიუ–იორკში 28 წლის აფრო–ამერიკელმა ორი პოლიციელი დაცხრილა. გამოძიების მიხედვით, ეჭვმიტანილი ისმაილ აბდულა ბრინსლი ამით იმ აფროამერიკელებისათვის ცდილობდა შური ეძია, რომლებიც პოლიციელთა მოქმედებების შედეგად დაიღუპნენ. აშშ–ს სამართალდამცავი ორგანოების თანამსრომლების მიმართ ძალადობის ტალღა იმ ინციდენტების გამოძახილია, რომელთა შედეგადაც პოლიციელებმა აფროამერიკელები მოკლეს. 9 აგვისტოს ფერგიუსონში 18 წლის აფროამერიკელი მაიკლ ბრაუნი გარდაიცვალა მას შემდეგ რაც პოლიციის თანამსრომელმა დარენ უილსონმა რამდენჯერმე ესროლა. 17 ივლისს, ნიუ–იორკში პოლიციის ოფიცერმა დენიელ პანტალეომ აკრძალული ე.წ. „მახრჩობელა ილეთის“ გამოყენებით აფროამერიკელი ერიკ გარნერი მოკლა. ორივე შემთხვევისას სასამართლომ სამართალდამცავები უდანაშაულოდ ცნო.