უკრაინა შესაძლოა, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციიდან გარიცხონ

უკრაინა შესაძლოა, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციიდან გარიცხონ. ამის შესახებ „vomir.ru“ იუწყება.
მედიის ინფორმაციით, უკრაინამ შესაძლოა, საკუთარი საქონლის ევროპულ ბაზარზე გადასახადების გარეშე რეალიზების შესაძლებლობა დაკარგოს. ამ დასკვნამდე „ევროპული ბიზნესასოციაციის“ წარმომადგენლები მივიდნენ. ორგანიზაციაში ის უკრაინული და უცხოური კომპანიები გაწევრიანდნენ, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე ფუნქციონირებენ. როგორც რუსული პრესა იუწყება, „ასეთი ზომის საფუძველი შესაძლოა, გახდეს ევროკავშირის მიმართ არამეგობრული კანონპროექტი, რომელიც უზენაესმა რადამ წინა კვირას პირველი მოსმენით მიიღო“.
საუბარია უკრაინის საგადასახადო ბალანსის სტაბილიზაციის თაობაზე სამთავრობო ინიციატივაზე. უკრაინის ფინანსთა სამინისტროს მტკიცებით, აღნიშნული კანონის გარეშე სახელმწიფო ხაზინას 17,6 მილიარდი გრივნა დააკლდება. საიმპორტო გადასახადი სხვადასხვა საქონელზე, კანონპროექტის თანახმად, 5-10 პროცენტს შეადგენს. რუსული პრესის ინფორმაციით, ეს ზომა ევროკავშირის მიმართ არამეგობრულად გამოიყურება, რადგან მან უკრაინული საქონლისთვის საიმპორტო გადასახადი შეამცირა.
„ევროპული ბიზნესასოციაციის“ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ კანონპროექტი ტარიფების და ვაჭრობის შესახებ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალურ შეთანხმებას არ შეესაბამება. აღნიშნული სატარიფო დარეგულირება უნდა ყოფილიყო შეთანხმებული ევროკავშირთან, რაც არ მოხდა. ეს, თავის მხრივ, ევროკავშირის მიერ უკრაინული საქონლისთვის გადასახადების არარსებობის რეჟიმის გაუქმებით ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები