გაერო: ლიბიაში ფართომასშტაბიანი ომის საშიშროებაა

 

   გაერომ ლიბიაში ავიადარტყმების მორიგი სერია დაგმო. ორგანიზაციის განცხადებით, ქვეყანა ფართომასშტაბიანი სამოქალაქო ომის საფრთხის წინაშე დგას.
გაეროს მისიის მიერ გავრცელებულ ლიბიის მხარდასაჭერ განცხადებაში ნათქვამია, რომ რაკეტების და ბომბების გამოყენებით საჰაერო დარტყმები ქალაქ მისურატის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე განხორციელდა. სწორედ ამ ტერიტორიაზე იმყოფებიან ისლამისტები, რომლებიც ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდიან.
გაერო ყველა მხარეს დეესკალაციის მიმართულებით მუშაობისკენ და ძალადობის წრის გარღვევისკენ ნაბიჯების გადადგმას მოუწოდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ქვეყანაში ქაოსი და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყება.
გარდა ამისა, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ის, ვინც კონფლიქტის მხარეებს სამხედრო ქმედებების გაგრძელებისკენ უბიძგებს და ლიბიის კრიზისის შეთანხმებულ პოლიტიკურ მოგვარებას აქტიურად ხელს უშლის, გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დამტკიცებულ რეზოლუციებს არღვევს.
ცნობისთვის, ქალაქ მისურატის ობიექტებზე ავიადარტყმები ქალაქ ეს-სიდრზე „ბოევიკების“ იერიშზე პასუხი იყო. ამ ქალაქში ლიბიის ნავთობის უმსხვილესი საექსპორტო ტერმინალი მდებარეობს.
გაეროს მისიის ინფორმაციით, ისლამისტებსა და სამთავრობო ძალებს შორის დაძაბულობა მატულობს. მხოლოდ ბენგაზიში ოქტომბრის შუა რიცხვებში 450 ადამიანი დაიღუპა, 90 000 ადამიანი კი დევნილად იქცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები