მალაიზიური თვითმფრინავი შესაძლოა, ავარიული დაეშვა

  მალაიზიურმა თვითმფრინავმა შესაძლოა, ავარიული დაშვება განახორციელა და ყველა მგზავრი ცოცხალია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ინდონეზიის ხელისუფლება ამოწმებს.
“ჩვენ ეს ინფორმაცია ჯერ არ მიგვიღია, ზოგიერთი მონაცემებით, ამის შესახებ შეიტყვეს კოლეგებმა სურაბაეში. ინფორმაციას ვამოწმებთ”, – განაცხადა ინდონეზიის ტრანსპორტის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ინდონეზიის ხელისუფლებამ დაკარგული თვითმფრინავის მოსაძებნად 1 თვითმფრინავი, 2 ვერტმფრენი და 6 გემი გააგზავნა. ინდონეზიას სამძებრო სამუშაოებში დახმარება სინგაპურის, მალაიზიისა და ავსტრალიის ხელისუფლებებმა შესთავაზეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ 23-მა ადამიანმა, რომლებიც აღნიშნულ რეისს უნდა გაჰყოლოდნენ, აეროპორტში მისვლა დააგვიანეს. მათ შორის 4 ბავშვი, 11 მამაკაცი და 8 ქალია. მალაიზიური ავიაკომპანია “ეარ აზიას” თვითმფრინავი რადარებიდან გაუჩინარდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავი ინდონეზიის ქალაქ სურაბაიდან სინგაპურის მიმართულებით მიფრინავდა.
ავიალაინერში 162 ადამიანი იმყოფებოდა. თვითმფრინავის ბორტთან კონტაქტი ადგილობრივი დროით 07:24 საათზე გაწყდა. გავრცელებული ინფორმაციით, როდესაც ლაინერთან კავშირი გაწყდა, თვითმფრინავი ოკეანის თავზე იმყოფებოდა. კომპანიამ სამძებრო სამუშაოები უკვე დაიწყო. 162 მგზავრს შორის სამი სამხრეთ კორეელია, ერთი ბრიტანეთის მოქალაქე, ერთი მალაზიაში და ერთი სინგაპურში მცხოვრები, დანარჩენები კი ინდონეზიის მოქალაქეები არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები