მალაიზიური თვითმფრინავის რეისზე, რომელიც რადარებიდან გაუჩინარდა, 23-მა მგზავრმა დააგვიანა
23 მგზავრს, რომლებსაც რეის QZ8501-ზე ჰქონდათ ბილეთი, რეგისტრაცია არ გაუვლიათ. მათ შორის, ვინც თვითმფრინავის ბორტზე ვერ მოხვდა, 8 ქალბატონი, 11 მამაკაცი და სამი ბავშვია.
რადარებიდან გაუჩინარებულ ლაინერზე ბოლო ინფორმაციით, სულ 155 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. მგზავრების უმრავლესობა ინდონეზიის მოქალაქეა.
მალაიზიური ავიაკომპანია Air Asia –ის ბორტზე მყოფების ახლობლები სურაბაის აეროპორტში იკრიბებიან. ინდონეზიის ხელისუფლებამ კი დაკარგული თვითმფრინავის მოსაძებნად 1 თვითმფრინავი, 2 ვერტმფრენი და 6 გემი გააგზავნა.
“ჩვენ სერიოზული ეჭვი გვაქვს, რომ თვითმფრინავი შესაძლოა, ინდონეზიის კუნძულებისკენ – ბანგკას და ბელიტუნგის ტერიტორიაზე, ოკეანეში იყოს ჩავარდნილი”, – განაცხადა ინდონეზიის სამხედრო-საჰაერო ძალების წარმომადგენელმა, ჰადი ტჯადჯანტომ.
ინდონეზიას სამძებრო სამუშაოებში დახმარება სინგაპურის, მალაიზიისა და ავსტრალიის ხელისუფლებებმა შესთავაზეს.
მალაიზიური ავიაკომპანია “ეარ აზიას” თვითმფრინავი რადარებიდან გაუჩინარდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავი ინდონეზიის ქალაქ სურაბაიდან სინგაპურის მიმართულებით მიფრინავდა. თვითმფრინავის ბორტთან კონტაქტი ადგილობრივი დროით 07:24 საათზე გაწყდა.
გავრცელებული ინფორმაციით, როდესაც ლაინერთან კავშირი გაწყდა, თვითმფრინავი ოკეანის თავზე იმყოფებოდა. კომპანიამ სამძებრო სამუშაოები უკვე დაიწყო.